დღეს ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება ახდა, დღეს ჩვენ აქ ვზეიმობთ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა დაუჯდა აჭარის ბიუჯეტს, რაც მთავარია ეს იყო უამრავი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე განაცხადა. მისივე თქმით, სტადიონი ბევრად უფრო საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნილიყო, თუმცა კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე ეს ვერ მოხერხდა.
„ამ მძიმე, გამოწვევებით სავსე პანდემიის პერიოდში ვხსნით ახალ სტადიონებს, ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ საზღვაო აკადემიას, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ჩვენ ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას და პასუხიმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე.
მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო უფრო სხვა გარემოში, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას მოუტანონ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი ხორუმის აქცენტებით არის აშენებული და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, თითოეული გუნდის, რომელიც ამ სტადიონზე იასპარეზებს. გარდა ამისა, ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ამ ხორუმის ჰანგებით და გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ კოვიდსაც ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge