არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა რაღაც გართულებებზე წავიდეს და კატეგორიული გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა.
როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, თუ ინფიცირებულთა სტაბილური რიცხვი შენარჩუნდება მთავრობას „ლოქდაუნის“ შემოღება გაუჭირდება.
„ლოქდაუნი“ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში და როგორი ვითარება იქნება იქ.
თუ ინფიცირებულთა ასეთი რიცხვი შენარჩუნდება, მთავრობას „ლოქდაუნის“ შემოღება გაუჭირდება, შესაძლოა რაღაც პროცედურები გაამკაცროს. მაგალითად, შემოიღოს პირბადის ქუჩაში ტარება, რასაც ევროპაში ითხოვენ.
თუ შევინარჩუნებთ სტაბილურ სიტუაციას და მაინც შემოიღებს „ლოქდაუნს“, ეს პირდაპირ მიმანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლება ცდილობს არა პანდემიასთან ბრძოლას, არამედ შიშობს, რომ საპროტესტო ტალღა არ აგორდეს. „ლოქდაუნი“ ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული და პოლიტიკურად აღვიქვამთ,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე დებატებია აუცილებელი, რის კონტექსტშიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge