დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია, გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე“ - თავდაცვის სამინისტროს პასუხი 28.10.2020 23:13

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ცრუ ბრალდებას უწოდებ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში:

 

 

„არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწამება განსაკუთრებულად ინტენსიურ ხასიათს იძენს. თავდაცვის სამინისტრო, გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მედიის მიერ საზოგადოების თუნდაც ერთი წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, მზადაა პასუხი გასცეს ყველაზე აბსურდულ ბრალდებებსაც კი. ამჯერად პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

 

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ კოვიდპანდემიის პირობებში სამხედრო ნაწილებში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდან მიღებულია განსაკუთრებული ზომები. კერძოდ, უმკაცრესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პარალელურად, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია, გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაწილის ფუნქციონირების შეფერხება. შესაბამისად, მიღებული ზომები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში კოვიდთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მართვას, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები.

 

რაც შეეხება სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ბრალდებებს, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინსტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანდება ქვეყნის დასაცავად. წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, ე.წ. დახურული უბნები, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში გაუქმდა და სამხედროების ტოტალური კონტროლი ემსახურებოდა ვიწრო პარტიული ინტერესებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გამოყენებას. ხშირი იყო სამხედროებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის, დახურული საარჩევნო უბნებით მანიპულაციის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებდა ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

აღნიშნული უმძიმესი ვითარება, რომელიც სრულად ანგრევდა თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, რადიკალურად შეცვლილია. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სრულიად თავისუფლად, ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი საკუთარი შეხედულების მიხედვით და პარტიული ტელევიზიებიდან ამ რეალობის მოდელირების ნებისმიერი მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ