საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 29 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. მისივე თქმით, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და კანონდარღვევაში გადაიზრდება, სამართალდამცავი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეაფასებაც მიეცეს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამაცვოი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“,-განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმართვისას ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გაყალბების შემთხვევაში, მკაცრ პასუხს გასცემს. „პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“, - ასე მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge