„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი პარტია ჯერჯერობით, 40%-ს ვერ ლახავს. „მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მოსვლა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაცემენტდეს „ქართლი ოცნების“ მარცხი პირველ ტურში,“- განაცხადა კაპანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოიკვეთა ისეთი შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორები ბიულეტენს შეგნებულად არ ურტყამენ უკანა მხარეს ბეჭედს. კაპანაძის განმარტებით, ბიულეტენები, რომლებსაც უკანა მხარეს ბეჭედი და რეგისტრატორის ხელმოწერა არ აქვს, დათვლის დროს ბათილად იცნობა.
„გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორები, როგორც ჩანს, შეგნებულად არ ურტყამენ ბიულეტენებზე უკანა მხარეს ბეჭედს. ყველამ ვიცით, რომ ბიულეტენი, რომელზეც უკანა მხარეს ბეჭედი არ არის დასმული და ხელმოწერა არ არის რეგისტრატორის მხრიდან, მერე არის ბათილი. როგორც ჩანს, იციან „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებმა და რეგისტრატორებმა თუ ვინ არის ოპოზიციის მხარდამჭერი და მათ არ ურტყამენ ბეჭედს. რამდენიმე უბნიდან გვაქვს ასეთი შემთხვევები. გორში, მთაწმინდასა და მარნეულში გვაქვს შემთხვევა, როდესაც „ოცნების“ აგიტატორები დგანან სიებით და აღრიცხავენ, რომელ უბანზე ვინ არის მისული ანუ ახდენენ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე. ასეთი შემთხვევები ბევრია. ამასთანავე, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობთ, როდესაც ხდება ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა და ამომრჩეველზე ზეწოლა, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ვანში, როდესაც საარჩევნო კაბინასთან ამომრჩეველს კარნახობენ პირდაპირ თუ ვინ უნდა შემოხაზოს. ეს არის მასალების მცირე ნაწილი, რომელიც გვაქვს,“- განაცხადა კაპანაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge