აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩეველები მოუწოდებენ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებისთვის მზად იყოს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, პირადი მრჩეველები ტრამპს მოუწოდებენ, წინასწარ განსაზღვროს როგორ მოიქცევა ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში.
The Washington Post-ის ცნობით, ტრამპს ზოგიერთი მრჩეველი საჯარო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ტრამპს ურჩევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენის გამოცხადების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება თუ ის ოპონენტს ხელისუფლებას მშვიდობიანად გადასცემს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ მან საჯარო გამოსვლები და იმის მტკიცება განაგრძოს, რომ არჩევნები გაყალბდა.
წყაროს თანახმად, ტრამპმა უკვე აღიარა, რომ მას წინ რთული ბრძოლა ელის.
ამის მიუხედავად, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპს და მასთან დაახლოებული პირებს კვლავ გამარჯვების იმედი აქვთ და სჯერათ, რომ მან ბრძოლა უნდა განაგრძოს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეოთხე დღეს გამარჯვებული კვლავ უცნობია. ბოლო მონაცემებით, ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება.
ამ დროისათვის, დემოკრატ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 264, ხოლო დონალდ ტრამპს – 214 ხმა აქვს.
ავტორ(ებ)ი : The Washington Post