10:34 13.11.2020
ბონდო მძინარაშვილი: სირცხვილია, რომ ზრდასრულ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აშშ-ს ელჩთან ოპოზიციის შეხვედრის საკითხს ეხმაურება:

 

"აშშ ელჩის სახლთან (!) თავმოყრილი ჟურნალისტები პოლიტიკოსებს, რომლებიც შეხვედრაზე შედიან, ეკითხებიან, - ვინ არის ამ შეხვედრის ინიციატორი, ელჩმა დაგიბარათ თუ თქვენი ინიციატივით მოხვედითო!

ელჩმა დაგიბარათო?!

ელჩმა!

დაგიბარათო?!

8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც დავწერე და გავიმეორებ:

სირცხვილია, რომ ზრდასრულ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ, სხვა ქვეყნის ელჩის შუამავლობის გარეშე შეთანხმება არ შეუძლიათ!

ელჩმა დაიბარა ქართველი პოლიტიკოსები!

მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები!

საქართველოს სახელმწიფოს მეორე პირი - პარლამენტის თავმჯდომარე!

ელჩის სახლში!

ეს არის თავის მოჭრა!

რა დასავლური ღირებულებები?!

ასე იბარებდნენ იმპერატორები, ნოინები, შაჰები, სულთნები, მეფისნაცვლები ქართველ წარჩინებულებს!

ასე ხდებოდა წინათ, საუკუნეების განმავლობაში და ასე ხდება ახლაც!

ისრაელის სახელმწიფოში რამდენჯერმე ისეთი კრიზისი იყო, რომ პოლიტიკური ძალები ვერაფრით შეთანხმდნენ მთავრობის ფორმირებაზე. ბოლოს იძულებული გახდნენ და ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულმა პარტიებმა მთავრობაც დაამტკიცეს!

ისრაელშიც არის აშშ ელჩი და ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისეთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჩვენთვის სასურველი კი არა, სანატრელია!

არ უკადრია იმ ელჩს მხარეებისთვის შუამავლობის შეთავაზება. არც ისრაელის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გასჩენია ამგვარი სურვილი, - იჩხუბეს, იკამათეს, კიდევ იჩხუბეს, მწვავედაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ელჩისთვის არ უთხოვიათ, გვისაშველეო!

ისრაელი სახელმწიფია და, - იმიტომ!

შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტის წამოცდენაა "ელჩმა დაგიბარათ", მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი!

მთავარი ის არის, რომ საქართველოში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, ვერ დაიბარებდაო!

აი, სად გვიჭირს!

აი, სად გვჭირდება შველა!

აქ კი მხოლოდ ჩვენ თუ ვუსაშველებთ საკუთარ თავს და საკუთარ სახელმწიფოს!

ახლა არა!

როცა გვექნება!

სახელმწიფო როცა გვექნება!

და გვექნება მაშინ, როცა გავიაზრებთ, რომ გვჭირდება!

სახელმწიფო გვჭირდება!" - წერს მძინარაშვილი. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge