დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჰენრი კისინჯერი: „ჯო ბაიდენს ვაფასებ, როგორც ადამიანს" 16.11.2020 11:39

ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ამ დღეებში ინტერვიუ მისცა გერმანულ და ფრანგულ გაზეთებს - „დი ველტ“-ს («Die Welt») და „ლე ფიგარო“-ს («Le Figaro»), რომლის დროსაც მან ისაუბრა როგორც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ჯოზეფ ბაიდენის შესახებ, ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აწმყოზე და პერსპექტივაზე. ინტერვიუ გამოქვეყნებულია სათაურით: „ჰენრი კისინჯერი: „მე ჯო ბაიდენს ვაფასებ როგორც ადამიანს“.


გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:


 „(...) მე ჯო ბაიდენს არაერთი ათეული წელი ვიცნობ და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ვიცი, რომ იგი ის კაცი არ არის, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს სხვებს თავს ძალით ახვევს. ამერიკის მთავარი ამოცანა ახლა შიდა პოლიტიკური კონფლიქტების მართვაში იქნება გამოხატული. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთი მანდატი არასდროს არ იქნება საკმარისი იმ ფუნდამენტალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“, - აღნიშნავს ჰენრი კისინჯერი.


„(...) ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრობლემა ჩინეთთან ურთიერთობას უკავშირდება, რომელსაც ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი აქვს. პირველი ეხება ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც გარდაუვლად თან სდევს ძალთა გლობალური ბალანსის ცვლილება. მეორე - რა თქმა უნდა, არსებობს იდეოლოგიური უთანხმოება. სამომავლოდ გასარკვევი იქნება ის, თუ რამდენად მოახდენს გავლენას იდეოლოგიური კონფლიქტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - აღნიშნავს ყოფილი სახელმწიფო მდივანი (ცნობისათვის: ჰენრი კისინჯერი, რომელიც  პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, 1972 წელს პეკინში ჩავიდა, შეხვდა მაო ძედუნს, ჯოუ ენლაის და ჩინეთში რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი მოამზადა).


„(..) მე ჩემი პირადი პოლიტიკური პოზიცია ნატოს შექმნის ეპოქაში ჩამომიყალიბდა, საყოველთაო იდეოლოგიური (კომუნისტური) მოწინააღმდეგის შიშის კონტექსტში. დღეს, როცა ჩვენი მიზნები და ამოცანები ევროპის გარე საზღვრებით აღარ არის შემოფარგლული, სიტუაციის ამგვარი პოზიციით გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ევროპას და შეერთებულ შტატებს აუცილებლად ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ ჩინეთის მიმართ. ევროპა ვერაფერს მოიგებს, თუ ის დამოუკიდებელ პოზიციას დაიკავებს ჩინეთთან მსოფლიო ბალანსის საკითხში. ვფიქრობ, ევროპა მომავალში არ იქნება იმით დაინტერესებული, რომ ევრაზიის ერთგვარ გაგრძელებად დარჩეს: ჩვენი ერთობლივი საუკუნეობრივი ფასეულობების შენარჩუნება აშშ-ის ინტერესებსაც პასუხობს და ევროპისაც“, - ამბობს ჰენრი კისინჯერი.


„(...) თუ ჯოზეფ ბაიდენი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მაშინ ირანის მიმართ ამერიკის პოზიცია გადაიხედება, კერძოდ, ვაშინგტონი შეეცდება თეირანის ინტეგრირებას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველ დარეგულირებაში. ამრიგად, ჩვენ ვიმყოფებით აშშ-ისათვის უმნიშვნელოვანესი პერიოდის გარიჟრაჟზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ამ საკითხს გადავწყვეტთ და წინსვლას გავაგრძელებთ. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდეს ერთობლივი ფასეულობებისა და მიზნების ირგვლივ და არა ერთი ბანაკის მეორე ბანაკზე გასამარჯვებლად“, - უთითებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.


„(...) თუ აშშ-ის მთავრობის ცვლილება მოხდება, მაშინ ახალმა ადმინისტრაციამ ყურადღებით უნდა განიხილოს ის უთანხმოება, რაც ევროპასა და ამერიკას შორის არსებობს იმ გაგებით, რომ ერთმანეთისაგან უნდა იქნეს განცალკევებული მეთოდური და არსობრივი კონფლიქტები. ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა თავისთავად გაჩნდება. ჰარმონია ითხოვს ურყევ ნებას და საერთო სწრაფვას დიალოგისაკენ - როგორც ევროპული, ასევე ამერიკული მხრიდან“, - მიაჩნია ჰენრი კისინჯერს.


„(...) ჩვენ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საბაზო საფუძვლის არსებობას ნატოს უნდა ვუმადლოდეთ, ამიტომ ამ გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ კონცეპტუალურ დონეზე სუფთა სამხედრო ალიანსი, რომელსაც ნატო წარმოადგენს, უნდა განვითარდეს ისეთ ალიანსად, რომელიც შეინარჩუნებს თავის ძლიერ სამხედრო ორიენტაციას და იმავდროულად, გაითვალისწინებს გლობალური რყევების მზარდ რაოდენობას, რომლებიც მხოლოდ სამხედრო მიზეზებით არ არის განპირობებული: ანუ იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც პოლიტიკურ გაცნობიერებასა და დელიკატურ მიდგომას ითხოვენ. მე მინდა გავახსენო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ჩვენთვის ახლა გვჭირდება გამოვიჩინოთ ინტელექტუალური და ემოციური ძალისხმევა ახალი მსოფლმხედველობის მისაღებად. კარგი იქნებოდა, რომ ევროპა ამ საკითხს მიუდგეს არა მხოლოდ საკუთარი პრობლემების გათვალისწინებით, რომელთა გადაჭრაში ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია“, - მსჯელობს ექს-სახელმწიფო მდივანი.


„(...) თუ თქვენ ჩინეთთან ურთიერთობის ევოლუციას შეხედავთ, დაინახავთ, რომ რამდენიმე ფაზის გავლა მოგვიწია. როცა ურთიერთობა დამყარდა, არც რიჩარდ ნიქსონი და არც მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ურთიერთობის განვითარება აუცილებლად მიგვიყვანდა ჩინეთის იდეოლოგიის ცვლილებამდე. იმ დროს ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანა იყო ჩინეთის ჩაბმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ცივ ომში და ჩვენი მოკავშირეების პერსპექტივების გაფართოება იმ ეპოქაში არსებული კოლონიური კონფლიქტების ჰორიზონტს მიღმა“, - იხსენებს ჰენრი კისინჯერი.


„(...) რა თქმა უნდა, იოლი არაა დღევანდელი კონფლიქტური სიტუაციის შეცვლა მშვიდობიანი თანაარსებობით და თანხმობით. მაგრამ, ჩემი შეხედულებით, უკიდურესი უგუნურება იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პერმანენტული შუღლისა და დაპირისპირების შექმნის მიზნით. შეიძლებოდა თუ არა 50 წლის წინათ სხვა პოლიტიკის გატარება? ჩემი აზრით, აშშ-ის პოლიტიკის ღია ხასიათმა ჩინეთის მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალ მსოფლიო წესრიგში“, - თვლის მსოფლიოს ერთ-ერთი უხუცესი დიპლომატი.


„(...) როგორც ვთქვი, ჯო ბაიდენს 40 წელია ვიცნობ. გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით: იგი 30 წლისაც არ იყო, როცა სენატორად აირჩიეს და ეს კონსტიტუციით დაწესებული მინიმალური ასაკია. როცა მე ერთ-ერთი მორიგი ვადით ვმუშაობდი სახელმწიფო მდივნად, ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მაღალი დონის სხდომაზე ესწრებოდა. დარბაზში რომ შემოვიდა, მას არ ვიცნობდი, ვინ იყო და ამიტომ ვთქვი - „არ მეგონა, რომ ჩვეულებრივ თანამშრომლებს ამგვარი დონის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ-მეთქი“. ჯო ბაიდენმა გაიგონა, მაგრამ იმ დროს მას ჩემი ნათქვამისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუცია. თუმცა მოგვიანებით იგი ამ ისტორიას ხშირად ჰყვებოდა და ცოტა რაღაცეებს ამატებდა კიდეც... მოკლედ, მე მას, როგორც ადამიანს, ძალიან ვაფასებ. რა თქმა უნდა, ხშირად გვქონია განსხვავებული ხედვები საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტი გახდება, იგი ამერიკის საგარეო პოლიტიკის გატარებისას ზომიერად და დაფიქრებულად მოიქცევა. საარჩევნო კამპანიის დროს მას აშკარად გამოცდილი მრჩევლები ეხმარებოდნენ საგარეო პოლიტიკის სფეროში. ჯერ არავინ იცის, რა და როგორ იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მე პირადად მთელ ჩემს გავლენას მოვახმარ ამერიკელი ერის ერთიანობის განმტკიცებას“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.lefigaro.fr/international/henry-kissinger-j-apprecie-joe-biden-en-tant-que-personne-20201112

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ