11:39 20.11.2020
შალვა ნათელაშვილი - ჩვენ ვართ არჩევნებით დაზარალებული ქვეყანა, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს

საუბრის შინაარსის გატანა საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლით დაუშვებელი და შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი პრინციპები, რის თაობაზეც მიდის საზოგადოებაში ვნებათაღელვა, ეს ცნობილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო არჩევნებით დაზარალებული ქვეყანაა და ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს.

 

„გაიმართა ერთი ერთზე შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ევროპის კავშირი, შეერთებული შტატები ესოდენ ზრუნავენ საქართველოს დღევანდელობაზე, მის პროგრესულ განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე, მათ შორის საარჩევნო უშიშროებაზე. ჩვენ ვართ არჩევნებით დაზარალებული ქვეყანა, ალბათ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება განზრახ არ თვლის სწორად არჩევნების შედეგებს, განზრახ არ ადგენს ამომრჩეველთა სიას. ხელისუფლებას განზრახ ჰყავს ტყვეობაში სასამართლო, რათა ვერავინ შეძლოს ჭეშმარიტებისა და რეალობის დადგენა და შესაბამისად, ჩვენ დამოუკიდებლობა გაგვიხდა მოსაპოვებელი, ამჯერად შინაური ოკუპანტებისგან, რასაც წარმოადგენს ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი.

 

კრიზისი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოსავალი და განვითარება. გადახედეთ მსოფლიო ისტორიებს. ღმერთმა დაგვიფაროს და დიდი ომების შემდეგ, რამხელა ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლა აქვთ ქვეყნებს. ამიტომ, ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოში არასოდეს მოხდეს არჩევნების გაყალბება, ძალაუფლების მითვისება, ფალსიფიცირება, ბოროტება, რომელიც ესოდენ დაინერგა.

 

საუბრის შინაარსის გატანა საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლით დაუშვებელი და შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი პრინციპები, რის თაობაზეც მიდის საზოგადოებაში ვნებათაღელვა და ეს დიპლომატიური მოლაპარაკებები, ცნობილია და აქაც საიდუმლო არაფერია. ჩვენი პოზიცია ცხადზე ცხადია – ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს. კონსულტაციები ითვალისწინებს ცალ-ცალკე რეჟიმსაც და კოლექტიურ ფორმატსაც. რომელს აირჩევენ მასპინძლები, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ჰქონდა.

 

ამ წუთებში ელჩის რეზიდენციაში „ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge