12:42 20.11.2020
BBC russian - „სომხეთი: გენერალი პრემიერ-მინისტრს ყარაბაღის ომში დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებს“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა მასალა სათაურით „სომხეთი: გენერალი პრემიერ-მინისტრს ყარაბაღის ომში დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებს“, რომელშიც გადმოცემულია სომხეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის მოვსეს აკოფიანის პრეს-კონფერენციის ანგარიში. გენერალმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხეში შეცდომების დაშვებაში ამხილა, იგი ასევე მოუყვა ჟურნალისტებს იმ უთანხმოების შესახებ, რაც მას პრემიერ-მინისტრის ცოლთან შეემთხვა.

 

გენერალ-პოლკოვნიკი მოვსეს აკოფიანი ორი დღის წინ გადადგა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. მანამდე იგი ქვეყნის გენშტაბის უფროსი და ყარაბაღის არმიის სარდალი იყო. თავისი გადადგომის მიზეზად მოვსესიანი ასახელებს ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელშიც პრემიერი ჯარისკაცებს მოუწოდებს ზალის გამოყენებით გაუსწორდნენ პროტესტის მონაწილეებს, „რომლებიც ქუჩაში, მთავრობის სახლის წინ ყმუიან“.

 

რაში ადანაშაულებს გენერალი ქვეყნის ხელმძღვანელობას

 

პრეს-კონფერენციაზე მოვსეს აკოფიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ცენტრი მთელი ომის განმავლობაში მოსახლეობას გაყალბებულ მონაცემებს აწვდიდა, რამაც საზოგადოებაში ღრმა კრიზისის გამოიწვია. „ომის დროს სიცრუემ 30%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ჩვენი არმიის სარდლობა კი 100%-ით ტყუილებს ავრცელებდა“, - განაცხადა გენერალმა.

 

სხვათა შორის, მთავრობისა და სარდლობის მიერ გავრცელებული სიცრუე სომხურმა მედიამაც შენიშნა - ჟურნალისტები გაკვირვებულები იყვნენ, რომ ხელისუფლება უარყოფდა ქალაქების დაკარგვას მაშინაც კი, როცა ყველაფერი ნათელი იყო. მოგვიანებით ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ ასეთი მოქმედება სამხედრო სტრატეგიის ნაწილია, „როცა მოწინააღმდეგის რიგებში დაბნეულობა უნდა შეიტანო“.

 

გენერალმა მთავარ შეცდომად მიიჩნია არმიის მართვაში დაშვებული უხეში შეცდომები, სამხედრო კადრების უცოდინარობა, არაკომპეტენტურობა (მაგალითად, გენშტაბის უფროსის არტაკ დავთიანის მცდარი გადაწყვეტილებები). მოვსეს აკოფიანმა პრეს-კონფერენციაზე ასევე გააკრიტიკა სამხედრო შესყიდვებიც: რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ოსა“, რომელიც მოძველებულია, სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა უპილოტო დრონების წინააღმდეგ. საჭირო იყო უფრო თანამედროვე რუსული კომპლექსის „თორ“-ის შეძენა.

 

გენერალმა ასევე აღნიშნა რეზერვისტთა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები, მოხალისეთა მოუმზადებლობა და ჯარისკაცების დეზერტირობა. სხვათა შორის, სომეხი სამხედროების დეზერტირობაზე წერდა რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტიც, რომელსაც, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა.

 

რა კონფლიქტი ჰქონდა გენერალს პრემიერის ცოლთან?

 

მოვსეს აკოფიანი ჟურნალისტებს მოუყვა აგრეთვე იმ ეპიზოდზე, რომელიც ყარაბაღის ომის დროს მოხდა. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი სამეთაურო პუნქტში მივიდა და როცა იქიდან წასვლას აყოვნებდა, „მე ვუთხარი, ქალბატონო, დაძაბული სიტუაციაა და რადგან შეიძლება მამაკაცებმა თავი ვერ შეიკავონ და შეიგინონ, თქვენთვის უხერხული იქნება-მეთქი. პრემიერის მეუღლე წავიდა, მაგრამ მალე მე ერევანში გამომძახეს, თავდაცვის მინისტრმა ყარაბაღში წასვლა ამიკრძალა და გამანდო, რომ ბრძანება ნიკოლ ფაშინიანისაგან მოდიოდა. დავწერე განცხადება პრემიერის სახელზე, რომ ისევ ომში წავსულიყავი, მაგრამ უშედეგოდ“.

 

გენერალი რუსეთის როლის შესახებ:

 

,,რუსეთმა სრულიად შეასრულა თავისი ვალდებულება სომხეთის წინაშე და მას ყველა ის იარაღი მიაწოდა, რომელიც სომხეთმა შეარჩია, განაცხადა მოვსეს აკოფიანმა. მან პრემიერი დაადანაშაულა იმაში, რომ რუსეთს დახმარება დროულად (30 სექტემბრამდე) არ სთხოვა. „ჩვენ ომის დროს დიდი დაგვიანებით შევიძინეთ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი „პოლე“, რომლის მეშვეობით თურქული დრონებიბაირახტარები“ ჩამოვყარეთ“, - აღნიშნა გენერალმა. კიდევ ერთი საინტერესო გულახდილობა: მისი თქმით, სომხეთმა ოფიციალურად გამოიყენა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერი“, რაზედაც მანამდე ერევანი ინფორმაციას არ ავრცელებდა.

 

სომხეთის ხელისუფლების რეაქცია

 

„გენერლის განცხადებებით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მანე გევორქიანმა. მან დაამატა, რომ ნიკოლ ფაშიანინი გენერლის ყველა ბრალდებას გამოგონილად და აბსურდულად მიიჩნევს.

 

სომხეთის გენერალური პროკურორის თქმით კი, მან გენერლის პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნა - ფაქტების შემოწმებისა და განცხადებების შესაფასებლად. როგორც გუშინ მოვსეს აკოფიანმა აღნიშნა, იგი უკვე მიწვეული იყო საგამოძიებო სამსახურში, სადაც დაჰკითხეს და შემდეგ შინ დაბრუნების ნება მისცეს.

 

წყარო: 

https://www.bbc.com/russian/features-55005875?fbclid=IwAR24gIlQcHYyhtJkPI6XWlvrzKnczle66Vfc12aEIW7gNRWj1uZJJu8BsLg

 

 




ავტორ(ებ)ი : სიმონ კილაძე