20:08 20.11.2020
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია

გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. ის შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავს და არც მათ დაშინებას ცდილობს. როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელის მოთხოვნები, ასევე, საუბრის სტილი ადგილზე მყოფი ადამიანების სიცილსაც კი იწვევს. ამასთან, ვიდეოს მიხედვით, თავდამსხმელი მის მიერ უწმაწური გამონათქვამების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფებს ბოდიშსაც უხდის.

 

შეგახსენებთ, რომ ვიდეო, რომელშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მოთხოვნებს ასახელებს, ერთ-ერთმა მძევალმა გადაიღო და გაავრცელა. მამაკაცს, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა ბრალდება, პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს:

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი, რომელიც მძევლებთან საუბრობს იმაზე, ბანკის პროცენტის რა ოდენობა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.

 

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge