16:09 21.11.2020
„ისინი კარგად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ეს ბოიკოტიც აქედან გამომდინარეა - ოპოზიციამ 2016 წელსაც უარი თქვა მეორე ტურზე“

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადებით, თავიანთი დამარცხებული პოზიციის შენიღბვას ცდილობენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას მეორე ტურზე, კახიანი ამბობს, რომ ზოგადად მეორე ტურებისთვის დამახასიათებელია შედარებით დაბალი აქტივობა. გიორგი კახიანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მოუწოდებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

 

„მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ არჩევნებში დამარცხდებოდნენ და უბრალოდ თავიანთი, ასე ვთქვათ დამარცხებული პოზიციის შენიღბვას ცდილობენ, ვითომ ბოიკოტის რეჟიმით. ზოგადად მეორე ტურებისთვის დამახასიათებელია, რომ არ არის ისეთი აქტივობა, როგორიც პირველ ტურზე ხდება. ამ შემთხვევაში ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ ვთქვათ ოპოზიციამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვთხოვთ ჩვენს ამომრჩევლებს, არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ დროა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მობილიზებას, კახიანის თქმით, აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა უბანზე ოპოზიციის კანდიდატების მხრიდან ამომრჩეველთა მობილიზების მცდელობის შესახებ.

 

„ეს შესაძლოა, ემსახურება იმას, რომ არჩევნების შედეგები როდესაც გამოჩნდება, სათქმელი ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მაინც გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს. რეალურად, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში მათ ვერანაირი წარმატება ვერ ექნებოდათ იმ შემთხვევაშიც კი ჩვეულებრივად რომ მიეღოთ მონაწილეობა. ანუ რეალურად მათი უარი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ არჩევნებში დამარცხდებოდნენ და უბრალოდ თავიანთი, ასე ვთქვათ დამარცხებული პოზიციის შენიღბვას ცდილობენ, ვითომ ბოიკოტის რეჟიმით, თუმცა რეალურად ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დამარცხდებოდნენ. უფრო მეტიც, მათ რომ გამარჯვების შანსი ჰქონოდათ, რეალურად თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, ოპოზიცია უმრავლესობითაც იქნებოდა წარმოდგენილი, პირობითათ რომ ვთქვათ, ყველა ოლქში რომ გაემარჯვათ, მაგრამ ძალიან კარგად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ეს ბოიკოტიც აქედან გამომდინარე აქვთ მიღებული“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

ამასთან, კახიანის განმარტებით, ოპოზიცია ანალოგიურად მოიქცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც და არ მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში. „ამავდროულად, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრეც გვახსოვს. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურშიც მათ ანალოგიური მოქმედებები განახორციელეს, ანალოგიურად თქვეს უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე. ასეთი რადიკალური მიდგომით, ცხადია, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება იქნება რეალიზებული. ამის იქით ცხადია, იმედი გვაქვს, რომ კომპრომისული ნაბიჯების შედეგად, ჩვენ მესამე რაუნდში, რომელიც ძალიან მალე შედგება, გარკვეულ შეთანხმებას შევძლებთ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge