12:43 22.11.2020
საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, საჩივრები ეხება ერთ შემთხვევაში უბნის ბათილად ცნობას, ასევე მოთხოვნილია გადასატანი ყუთების ბათილად ცნობა გლდანსა და ქუთაისში. საჩივრები შესულია რუსთავის, გლდანის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და ისნის ოლქებში.

 

„რუსთავის ოლქში შესულია 1 საჩივარი, გლდანში -2, თელავში 1, ზუგდიდში - 4, ქუთაისში -5, ბათუმში -1 , ისანში -1 . რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ამ დროისთვის შესული საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. აღნიშნული საჩივრების განხილვა დადგენილ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ის შეიძლება დღეს და ხვალ შევიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, სააოლქო საარჩევნო კომისიები კანონით დადგენილ ვადებში მოახდენენ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირებას. ვადა გახლავთ 2 დღე.

 

დავაზუსტებ და გეტყვით უფრო დეტალურად, რომ თელავში მაგალითად ერთი საჩივარი ეხება უბნის ბათილობას, გლდანში და ქუთაისში იყო საჩივარი, რომელიც ეხება გადასატანი ყუთების ბათილობას, დანარჩენ შემთხვევებში არის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოთხოვნილი“, - განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge