13:58 22.11.2020
კარლ ჰარცელი - პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

 

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპული გზა.

 

"გასულ პარასკევს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ოპოზიციასთან, რაც იყო ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი. შეხვედრის მიზანი იყო მოგვენახა სამომავლო განვითარების გზები საქართველოსა და მისი პარლამენტისთვის. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია. ასევე საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპული გზა საქრთველოსა და ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობებისათვის",- აცხადებს ჰარცელი.

 

კითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი, ელოდება თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, კარლ ჰარცელი პასუხობს:

 

„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბოლოს მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, სადაც მისი წევრები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს. ეს ისაა,რასაც ჩვენ ველოდებით და რისი მიღწევაც გვინდა. პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს",- აცხადებს ჰარცელი.

ცნობისთვის, ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge