19:45 22.11.2020
„ჩემი ინფიცირება უკავშირდება ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას“

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს ქეთევან ბაკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი. ჩემი ინფიცირება უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტესტირების გარდა, ჩვენ დევნილებს სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, ასევე მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გავაცანით. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს კი პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადავეცით. მე რამდენიმე კოვიდინფიცირებულთან მქონდა უშუალო კონტაქტი და შესაბამისად, ჩემი ინფიცირებაც ამ დღეებს უკავშირდება. ამ დროისთვის ვიმყოფები იზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვასრულებ მის რეკომენდაციებს და მითითებებს, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას სტაციონარიზაციის საკითხი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბოლომდე ვმართო ინფექცია ისე, რომ კლინიკაში გადაყვანა არ გახდეს საჭირო, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისთვისაც ეს აუცილებელია.

 

ვფიქრობ, ახლა მეტი წილი პასუხისმგებლობა ჩვენზეა, თითოეულ მოქალაქეზე, რომ ერთის მხრივ, დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვით, პირბადის ტარებით კორონავირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი და მეორე მხრივ, თუ დაგვიდასტურდება, პანიკის გარეშე შეხვდეთ და მსუბუქი ფორმის დროს, არ მოვითხოვოთ დაჟინებით სტაციონარში გადაყვანა, რადგან რესურსი ამოუწურავი არ არის და ჩვენი ხელშეწყობის გარეშე, ვერც სახელმწიფო და ვერც სამედიცინო პერსონალი ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვეღარ გაუმკლავდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მამხნევებს. განსაკუთრებული მადლობა გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას, მის ხელმძღვანელს გიორგი ჩალაძესა და მთელს გუნდს ოპერატიული რეაგირებისთვის. გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ავიღოთ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ქეთევან ბაკარაძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge