დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უცხოური პრესა - რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ილჰამ ალიევს, ბიძინა ივანიშვილს და ვლადიმერ ზელენსკის? 25.11.2020 13:52

პოლონეთის ჟურნალ „ნიუ ისთერნ იუროუფ“-ში  («New Eastern Europe») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ილჰამ ალიევს, ბიძინა ივანიშვილს და ვლადიმერ ზელენსკის?“, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების - მმართველი პარტიებისა და ლიდერების საგარეოპოლიტიკური კურსია გაანალიზებული (ავტორი - ტარას კუზიო, პოლიტოლოგიის პროფესორი უკრაინის კიევ-მოგილიანსკის აკადემია-უნივერსიტეტში და აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელი).


გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:


„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოს და უკრაინას სხვადასხვა პოლიტიკური სისტემები აქვთ, მათი ლიდერები, როგორც ჩანს, მსგავს საგარეო პოლიტიკას ატარებენ - მიმართულს იქითკენ, რომ თავი აარიდონ კონფლიქტს ვლადიმერ პუტინთან, რუსეთის პრეზიდენტთან. სამივენი დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებენ, არ ცდილობენ ევრაზიულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თუმცა იმავდროულად რუსეთს არ აღიზიანებენ. ასეთი პოლიტიკის გატარება ძალზე რთულ დამაბალანსებელ აქტს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისთვის, რომლებთაც საკუთარ ტერიტორიებზე იმავე რუსეთისგან ინიცირებული ან რუსეთის მოკავშირე ქვეყნის (სომხეთის) შეჭრის შედეგად წარმოქმნილი „გაყინული“ კონფლიქტები აქვთ. მსგავსი ცენტრისტული დამაბალანსებელი აქტი განხილული უნდა იქნეს როგორც რაღაც საუკეთესო მაგალითი საგარეო პოლიტიკაში სამივე ქვეყნის დემოკრატიისათვის, რომლებსაც რუსეთთან ძალზე ცუდი ურთიერთობა აქვთ.


აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის პოლიტიკურ სისტემებში ცენტრისტული სახელისუფლო პარტიები და მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნულ-დემოკრატიული (ანუ ნაციონალ-დემოკრატიული) ძალები მოქმედებენ, თანაც ოლიგარქები ორივე ბანაკში არიან. ცენტრისტებს და ეროვნულ-დემოკრატებს პრინციპულად განსხვავებული მიდგომები აქვთ გაყინული კონფლიქტების მოგვარებისათვის, ამის მიზეზს კი იმავე რუსეთისადმი მათი დამოკიდებულება წარმოადგენს: ცენტრისტები „პირში წყალს იგუბებენ“ და ცდილობენ არაფერი ისეთი არ თქვან ან ისეთი რამ არ გააკეთონ, რაც რუსეთს და მის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გააღიზიანებს, ხოლო ნაციონალ-დემოკრატიული ძალები პირიქით აკეთებენ: ისინი რუსეთს იმპერიალისტური, აგრესიული და საოკუპაციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ - როგორც წარსულში, ასევე აწმყოში.


(...)

ქართველი ცენტრისტები და ნაციონალ-დემოკრატები


ქართულ პოლიტიკაში თითქმის 11 წლის მანძილზე - 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში - ნაციონალისტები და ნაციონალ-დემოკრატები დომინირებდნენ. 1991-92 წლებში სამოქალაქო ომის დროს მოკლული იქნა პარტია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, ნაციონალისტი ზვიად გამსახურდია. შედარებისათვის: მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე ორივენი ნაციონალ-დემოკრატიული ძალიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან, რომელიც საქართველოს 2004-დან 2013 წლამდე მართავდა. ყველა სამივე ნაციონალ-დემოკრატიულ ლიდერს რუსეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაცდა ისე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი (მამა-შვილ ალიევებისაგან განსხვავებით), მთელი ძალისხმევით ცდილობდა კოლეგა ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას. 2008 წლის აგვიტოში ვლადიმერ პუტინი შეეცადა მიხეილ სააკაშვილის დამხობას, როცა რუსული ტანკები თითქმის თბილისს მიადგნენ რეჟიმის შესაცვლელად. ისინი მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, როცა შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროტესტი განუცხადა რუსეთს და საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით.


ცენტრისტები საქართველოს, ნაციონალისტებთან და ნაციონალ-დემოკრატებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი დროით მართავდნენ - თითქმის 15 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ ხელმძღვანელობდა, ქვეყანას რვა წელი, 2003 წლამდე მართავდა. გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, ორივენი „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს 2013 წლიდან მეთაურობენ. ცენტრისტული „ქართული ოცნება“ კი პარლამენტში შევიდა ერთი წლის შემდეგ, რაც მას ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან თავისი უზარმაზარი ქონება რუსეთში დააგროვა, თუმცა მისი წარმომავლობა დღემდე გაურკვეველია.


ცენტრისტები და ნაციონალ-დემოკრატები კვლავ რჩებიან საქართველოს ერთადერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალებად: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა (ხმების 48%), მისმა კონკურენტმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27%, თუმცა „ნაციონალები“, სხვა ოპოზიციური პარტიებთან ერთად (ბლოკი „ძალა ერთობაშია“), არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრისტული ლიდერები მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის აზერბაიჯანული სტილით გატარებას ისწრაფვოდნენ. ისინი პროდასავლურები იყვნენ და ცდილობდნენ კარგი („ნორმალური“) ურთიერთობა ჰქონოდათ ვლადიმერ პუტინის რუსეთთან.


(...)

„გაყინული კონფლიქტები“ და რუსეთთან დამოკიდებულება


აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა სხვადასხვანაირად უდგებოდნენ თავიანთ გაყინული კონფლიქტებს და შემთხვევითი არაა, რომ ამ სამი ქვეყნიდან სწორედ სუფთა ცენტრისტულმა აზერბაიჯანმა მოახერხა ყველაზე საუკეთესო შედეგების მიღწევა თავისი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. ქართველმა ნაციონალ-დემოკრატებმა,  როგორც ჩანს, ძალიან გაართულეს თავიანთი ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების საქმე, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთზე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. თავიანთი მოქმედებით მათ რუსეთის ჩარევა გამოიწვიეს, რის შედეგადაც კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.


უკრაინაში 1990-იანი წლების შუახანებიდან ცენტრისტი ლეონიდ კუჩმა ახერხებდა უკრაინული სეპარატიზმის ჩაქრობას რუსეთის ჩარევის გარეშე, მაგრამ როგორც კი მაიდნის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში „ნაციონალისტები“ მოვიდნენ, რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა.


აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონი ბოლო დრომდე სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა (1994 წლიდან). საერთაშორისო მრავალწლიანი დიპლომატიური წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, განსაკუთრებით კი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების ფონზე (ოფიციალური ანექსიის  მუქარები), აზერბაიჯანის ცენტრისტულმა ლიდერმა, რუსეთის ჩუმი თანხმობით, სამხედრო შეტევა განახორციელა და შედეგიც  მიიღო.


არც ცენტრისტი ედუარდ შევარდნაძე არ ცდილობდა და არც ცენტრისტი ბიძინა ივანიშვილი არ ცდილობს სამხედრო ძალის გამოყენებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ნაციონალ-დემოკრატის ნიკოლ ფაშინიანის ნაციონალისტურმა რიტორიკამ სომხეთის კრიზისში ჩააგდო და მთიანი ყარაბაღი დაატოვებინა - მან თითქმის იგივე გაიმეორა, რაც 2008 წელს იგივე ნაციონალ-დემოკრატმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. თუმცა, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც: სომხეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი სახელმწიფო იყო მთიან ყარაბაღში, მიხეილ სააკაშვილი კი სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ცდილობდა.


ბაქო-თბილის-კიევის დასავლური დიპლომატია და მოსკოვი


აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქაში თავიანთ საგარეო პოლიტიკას თანმიმდევრულად ატარებდნენ და იმ ევრაზიული ეკონომიკური თუ სამხედრო პროექტების მიღმა რჩებოდნენ, რომლებთაც რუსეთი ხელმძღვანელობდა. 1997 წლიდან სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, მოლდოვასთან ერთად, სუამ-ის ჯგუფში ერთიანდებიან... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი მხრივ, საქართველოსა და უკრაინას, მეორე მხრივ კი აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. საქართველოში და უკრაინაში ნაციონალ-დემოკრატები და ცენტრისტები ოფიციალურად მხარს უჭერენ თავიანთი ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, აზერბაიჯანელი ცენტრისტები კი ევროკავშირთან და ნატოსთან დამოკიდებულებაში უპირატესობას ანიჭებენ მათთან ინტეგრაციას (თანამშრომლობას) და არა მათში გაწევრიანებას.


ასევე აღსანიშნავია ის მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი განხვავება იმაში, თუ როგორ რეალიზებენ თავიანთ მიზნებს უკრაინელი და ქართველი ცენტრისტები ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით: იმ დროს, როცა ქართველი და უკრაინელი პროდასავლელი ცენტრისტები მხარს უჭერენ პრონატოურ და პროევროპულ რიტორიკას, მათი [ფრთხილი] პრაქტიკული ნაბიჯები არ ემთხვევა ოპონენტების - ასევე პროდასავლელი ნაციონალ-დემოკრატების [რადიკალურ] მეთოდებს. ამის მთავარი მიზეზი ისევ რუსეთი და ცენტრისტი ლიდერების დამოკიდებულებაა - არ გააუარესონ ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან.

 

წყარო: https://neweasterneurope.eu/2020/11/24/what-do-aliyev-ivanishvili-and-zelenskyy-have-in-common/

მოამზადა სილონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ