14:54 25.11.2020
რომან გოცირიძის თქმით, კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, "გინდ შიმშილს მოვუკლივარ და გინდ კორონას” დემაგოგიაა.

 

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, "ეს ლოზუნგი, ძირითადად, აუცილებელი შეზღუდვების დაწესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. კორონა როგორ კლავს, ამისთვის უკვე სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანა არაა საჭირო. კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს. 

 

არის ისეთი მდგომარეობა, როცა ე.წ. ჩაკეტვის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.  ესეც,  როგორც დროებითი ზომა  და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების საშუალება. ახლა ამ ”დროებითმა ზომამ” უფრო ნათელი დროითი კონტურები შეიძინა-უკვე ვიცით, რომ ვაქცინა არსებობს და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, თუ რეალისტურად მივუდგებით, მასობრივად იგი  ხელმისაწვდომი  მომავალი წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება გახდეს. როგორმე უნდა გავუძლოთ-ასე დგას ახლა საკითხი,  მივაღწიოთ ამ დრომდე  რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლები გაუარესებით და ეკონომიკისათვის ნაკლები ზიანის მიყენებით. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის რესურსები( ბიუჯეტი). ეს ურთულესია ამოცანაა, რომლის გადაჭრა მდიდარ ქვეყნებსაც კი ძალიან უჭირთ (არ შეუძლიათ), მით უმეტეს, ღარიბებს, რომლებიც  ისევ მდიდარი ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. ჩვენს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დახმარებების (ფულის) გარეშე არნახულ სიღატაკეში და გაჭირვებაში აღმოვჩნდებოდით. სხვა საკითხია, რამდენად სწორად იყენებს ხელისუფლება ამ დახმარებას. 

 

მიტაცებული ხელისუფლების საკითხი თავის მხრივ  დამატებითი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც საგანგაშო ვითარებას და პოლიტიზებულს ხდის კორონავირუსთან ბრძოლას. 

 

რადგან გლობალური ვაქცინაციის წყალობით ვირუსის დამარცხების იმედები გაჩნდა, ახლა  გადარჩენის მოკლევადიანი, (ექვსთვიანი) გეგმა გვჭირდება. 

 

ხელისუფლებისადმი ნდობა და მისი კომპეტენცია ასეთი გეგმის წარმატებით რეალზების აუცილებელი პირობაა. უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არც ერთი გააჩნია და არც მეორე. 

 

ასეთ ვითარებაში გვიწევს თავის გადარჩენა და მაგალითად, რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ლამის  სიცოცხლეზე მაღალ პრიორიტეტად რომ გვაქვს გამოცხადებული, ცოტა არ იყოს უცნაურია", - წერს რომან გოცირიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge