დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უცხოური პრესა: ერევან-ბაქოს სამშვიდობო შეთანხმება მთიანი ყარაბაღის საკითხზე ირანისთვის კატასტროფას ნიშნავს 26.11.2020 12:49

აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის ლიდერთა შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე ირანისათვის სტრატეგიულ კატასტროფას ნიშნავს. ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებული ერთობლივი განცხადების პირობები თეირანის გრძელვადიანი ინტერესებისათვის სერიოზული საფრთხეა - შეთანხმების შედეგებს შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ირანელ ხალხზე (რეჟიმის შეუმცდარობის აღქმის თვალსაზრისით), ასევე მთავრობის პოლიტიკის ცვლილებებზე აზერბაიჯანისა და სირიის მიმართ“, - წერს ანალიტიკოსი დიანეშ კანატი ბელგიურ გამოცემა «EuroActive»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ერევან-ბაქოს სამშვიდობო შეთანხმება მთიანი ყარაბაღის საკითხზე ირანისთვის კატასტროფას ნიშნავს“.

 

„ამჟამად აზერბაიჯანი უკვე მთლიანად აკონტროლებს თავის საზღვარს ირანთან მდინარე არაქსის გაყოლებით. ალბათ, ეს ფაქტი სასიხარულოა აზერბაიჯანისათვის, მაგრამ თეირანისათვის შემაშფოთებელია - იმიტომ, რომ აზერბაიჯანის საზღვრების გაფართოება ირანთან ისრაელს შედარებით უფრო დიდ ტერიტორიაზე დაშვების შესაძლებლობას აძლევს, საიდანაც ირანისათვის თვალის დევნება შეიძლება. ბაქოს მიერ უარყოფის მიუხედავად, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ისრაელი აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ დაზვერვაში, ენერგეტიკაში და სამხედრო საკითხებში.

 

აზერბაიჯანი ისრაელის მიერ წარმოებული იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მყიდველია. თურქული და ებრაული დრონების წარმატებულმა გამოყენებამ მთიანი ყარაბაღის ომში სომხები ძალზე შეაშფოთა. გარდა ამისა, აზერბაიჯანიც და ისრაელს ღრმა სადაზვერვო კავშირებიც აქვთ... და თუ იერუსალიმი ავიადარტყმებს მიაყენებს ირანის ბირთვულ ობიექტებს, აზერბაიჯანი, ალბათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ საკითხში - ან ჰაერში თვითმფრინავებისთვის საწვავის შესავსებად, ან სასტარტო მოედნის სახით.

 

ომის კიდევ ერთი შედეგი - ტრანზიტული დერეფნის შექმნა სომხეთის ტერიტორიაზე (სიუნიკის მარზში, ქალაქ მეგრთან), რომელიც აზერბაიჯანს თავისსავე ტერიტორიასთან - ნახიჭევანთან დააკავშირებს. დერეფანი სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ „გაივლის“ და დიდი ალბათობაა, რომ იქ რუსი მშვიდობისმყოფლები ჩადგებიან. თეირანისთვის ეს ფაქტიც შემაშფოთებელია, რადგან სწორედ იმ ტერიტორიიდან ხდება ირანის პროდუქციის ექსპორტი სომხეთში და შემდეგ საქართველოში, ევროპაში. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სანქციები აქვს გამოცხადებული, დამატებითი ბარიერების აღმართვა რუსებისა და აზერბაიჯანელების კონტროლის სახით, მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება (რბილად რომ ვთქვათ).

 

სხვათა შორის, სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი სასწრაფოდ დაეგეგმა მოსკოვში გაფრენა დერეფნის სტატუსის საკითხის განსახილველად. კიდევ ერთი დედაქალაქი, სადაც მინისტრი აპირებს ჩასვლას, ანკარა წარმოადგენს - კონფლიქტში გამარჯვებული თურქეთიც აპირებს ნახიჩევან-ბაქოს დერეფნით სარგებლობას: რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ხომ ნახიჩევან-ბაქოს გავლით ცენტრალურ აზიაში გასვლა სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს...

 

ირანმა ყურადღება გაამახვილა კრემლის მოქმედებაზე, როცა მოსკოვმა წინასწარ განზრახულად დააგვიანა სომხეთისათვის დახმარების გაწევა - სომხეთისათვის, რომელიც რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს. ცხადია, ამგვარი მოქმედება თეირანისთვის დამაფიქრებელია - ირანიც ხომ რუსეთის მოკავშირეა სირიასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში. როგორც ჩანს, თეირანი სერიოზულადაა შეშფოთებული იმითაც, რომ შესაძლოა სომხეთში სიტუაცია გართულდეს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის სავარაუდო გადადგომით. თუ რუსეთი თურქეთთან მჭიდროდ დაკავშირებას გადაწყვეტს მთიანი ყარაბაღის გამო, მაშინ ამის შემხედვარე ირანმა შეიძლება სირიის ლიდერი რაღაც-რაღაცეებზე აიძულოს.... მოკლედ, ბევრი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

 

როგორ გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე? ზოგადად, რა თქმა უნდა, ირანის, როგორც რეგიონული ჰეგემონის იმიჯს, უკვე დარტყმა აქვს მიყენებული. მართლაც, ის ფაქტი, რომ თეირანი გარეშე მაყურებელი იყო ამ კონფლიქტის მიმართ და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაედგა მასზე ზემოქმედებისათვის, მოგვაგონებს მე-19 საუკუნის რუსეთ-სპარსეთის ომების შედეგებს, როცა სპარსეთი იძულებული გახდა სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი რუსეთისთვის დაეთმო. თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის ასეთი მდგომარეობა ირანელებს ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა კარგავს ავტორიტეტს, მას აღარ აქვს ეკონომიკური ძალა, ტექნოლოგიური სრულყოფა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელიც ასეული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, შეიძლება ითქვას, აქემენიდების იმპერიის დროიდან.

 

მთლიანობაში ეს ნიშნავს ირანის მმართველი რეჟიმის ლეგიტიმაციის დარღვევასაც - იმ თეოკრატიული რეჟიმისა, რომელიც ქვეყანას 1979 წლიდან მართავს.

წყარო: https://www.euractiv.com/section/armenia/opinion/nagorno-karabakh-peace-deal-between-armenia-and-azerbaijan-is-a-strategic-disaster-for-iran/

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ