დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აიან ალიევა - დიასახლისისა და ბიზნესვუმენის იდეალური „ტანდემი“ 28.11.2020 18:39

„რაც შეიძლება მეტი განათლებული ქალი მსოფლიოში“ - ეს არის იდეა, რომელიც პატარა გოგონას ფიქრებში დაიბადა და წლებთან ერთად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. იდეის ხორცშესხმა მარტივი არ ყოფილა, თუმცა პატარა ქალბატონმა მოახერხა და შექმნა საგანმანათლებლო ცენტრი „A-Level Educational Group”, რომელიც დღეს, სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს ოცნებების ახდენაში ეხმარება. „წარმატებისკენ მიმავალი გზა“ - ეს არის ფრაზა, რომელიც იდეალურად აღწერს აიან ალიევას ცხოვრებას ბავშვობიდან დღემდე, თუმცა სამ სიტყვაში ყველაფერს ვერ ჩაატევ. იყო არაერთი დაცემა და წამოდგომა, საზღვრების გადალახვა, ბარიერების გარღვევა, იმედგაცრუება და გამარჯვება, დანაკარგი და მოგება. შედეგი კი - წარმატებაა.

 

რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „წარმატება? როგორ განმარტავთ მის მნიშვნელობას?

ჩემთვის, სიტყვა „წარმატება“, პირველ რიგში, მიზნის მიღწევას ნიშნავს. არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვი, რომფინანსური სიმდიდრე და წარმატება მუდმივი არ არის, თუმცა, ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, რადგან ერთი სრულყოფილი, წარმატებით განხორციელებული პროექტი მოგიტანს წარმატებას, თვითკმაყოფილებასა და ფულს, მაგრამ შემდეგ უნდა განაგრძო სვლა საკუთარი მიზნისკენ. მამოძრავებელი ძალა კი, გრძელვადიანი მისიაა.როდესაც ადამიანს აქვს მიზანი და მისია, რომლისკენაც მიისწრაფის, გზაში კი, ბევრჯერ შეიძლება დაეცეს, მაგრამ მაინც ახერხებს, მყარად წამოდგეს ფეხზე და განაგრძოს წინსვლა, მას წარმატებული ადამიანი ჰქვია. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ მეც - ქალი, რომელიც წარმატებას სწორედ მისიისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვაში ხედავს.

აი, ესაა ჩემთვის წარმატება - ჩემი მისიის ხორცშესხმა. ხოლო ჩემი მისიაა, რაც შეიძლება მეტად განვავითარო საგანმანათლებო სისტემააზერბაიჯანში, თბილისსა და სხვა რეგიონებში, სადაც ჩემმა კომპანიამ გაიდგა ფესვები. ჩემი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ განათლება, რადგან მწამს, რომ სწორედ განათლების დახმარებით არის შესაძლებელი, მიაღწიო ცხოვრების მაღალ ხარისხს, უზრუნველყო ახალი თაობისთვის ბედნიერი ბავშვობა და რა თქმა უნდა, აქციო ეს სამყარო  მოსახლეობისთვის მეტად მოსახერხებელ, მშვიდ, ბედნიერ ადგილად. მთავარი რამ, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია: რაც შეიძლება მეტ გოგონას მივცეთ განათლება როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, რადგან განათლებული ქალი დედამიწის განათლებულ მოსახლეობას უდრის, რადგან ქალი არის დედა, რომელიც არის აღმზრდელი მომავალი თაობისა. განათლებული ქალი არის ის, ვინც საკუთარ ვაჟებსა და ქალიშვილებს სწორი მიმართულებით აღზრდის. ჩემი, როგორც წარმატებული ქალის ცხოვრებაში, განათლებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ამიტომაც, მსურს, განვავრცო იდეა, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ქალის განათლების კულტს ნიშნავს.


მოდით, თქვენ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ვისაუბროთ, რაც, ბევრისთვის, ოცნების საგანს წარმოადგენს. საუბარი კი, თქვენი ბავშვობით დავიწყოთ. ამბობენ, რომ წარმატებული ადამიანები პატარა ასაკიდან გამოირჩევიან თანატოლებისგან. მათ განსხვავებული ხედვა, ხასიათი, ოცნებები აქვთ და ყველაფრის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ახასიათებთ. ასე იყო თქვენს შემთხვევაშიც?

ჩემს წარსულს გადავხედე და გეტყვით, რომ თქვენი კითხვის ფორმულირებას სრულებით ვეთანხმები. წარმატებული ადამიანების მსოფმხედველობა და სამყაროს აღქმა არასტანდარტულია. პატარაობიდან განსხვავებულად ვფიქრობდი, ვაზროვნებდი, არ მიზიდავდა ის, რითიც ჩემი ასაკის ბავშვები იყვნენ გატაცებულნი. მოზარდობის პერიოდშიც კი, ჩემს ინტერესის სფეროში შედიოდა მიღწევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - სპორტის. ვწერდი ლექსებს, შევისწავლიდი უცხო ენებს და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემი შრომის საფასურად მანიჭებდნენ დიპლომს და მოვიპოვებდი გამარჯვებას სხვადასხვა ოლიმპიადაში, ეს ხდებოდა ჩემთვის მოტივაცია ოცნებისკენ მიმავალ გზაზე - მესწავლა საზღვარგარეთ, რასაც, მივაღწიე კიდევაც: მაქვს რამდენიმე დიპლომი ინგლისის და ამერიკის უნივერსიტეტებისა.

წარმატებული ადამიანის აზროვნება ბავშვობიდან საფუძვლიანად განსხვავდება რიგითი ადამიანის ხედვისგან. პირადად მე, არასდროს მიოცნებია მდიდრულ სახლებზე, ძვირადღირებულ ნივთებზე. მე მსურდა, მიმეღო საფუძვლიანი განათლება, მემოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საბოლოოდ, მქონოდა საკუთარი საქმე. ყოველთვის ვიცოდი, რომ არასდროს ვიქნებოდი დაქირავებული მუშაკი, რადგან ბუნებამ ლიდერული თვისებებით დამაჯილდოვა. ახალგაზრდობიდან მივისწრაფოდი იმისკენ, რომ თავად განმეხორციელებინა უამრავი საინტერესო პროექტი, შემექმნა სამუშაო ადგილები და ვხვდებოდი, რომ მხოლოდ კარგი განათლება მომცემდა ამის საშუალებას. სწორედ ამიტომ, ყველა ჩემი დიპლომი, ყველა სერთიფიკატი საგანმანათლებლო სფეროს დავუკავშირე. რაც უფრო მეტ ქვეყანაში ვიღებდი განათლებას, მით მეტად მსურდა, ეს სისტემა ჩვენსრეგიონშიც დამენერგა, რადგან ნათლად ვხედავდი, რომ განათლება არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება. ჩემი აღქმით, განათლება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ამიტომაც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა, 20 წლის გოგონა ვიყავი, უკვე მქონდა ენების შემსწავლელი საკუთარი სკოლა - რეგისტრირებული ბიზნესი და ჩემი გზაც სწორედ მისგან დაიწყო.


 

თქვენს ბიზნესზე ვისაუბროთ. როგორ დაიწყეთ, განავითარეთ და როგორ გამოიყურება ის დღეს?

17 წლის ასაკში ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ეს ის პერიოდია, როდესაც არ იყო ინტერნეტი და კომპიუტერი. ყველაფერი წიგნებმა შემასწავლა და დამეხმარა საკუთარი, პირველი ხელფასის გამომუშავებაში. შემდეგ, სასწავლებლად გავემგზავრე ამერიკაშიდა 20 წლის ასაკში, შტატებიდან დაბრუნებულმა, შეგროვებული ფულითა და აღებული კრედიტით, შევისყიდე ენის შემსწავლელი კურსების კომპანია, რომელიც, ფაქტობრივად, გაღატაკების პირას იყო. ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესსა და ფინანსებში კარგად ვერკვეოდი, თუმცა ყველაფერი, რაც გამაჩნდა, ჩემს ოცნებაში ჩავდე და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ბიზნესის სამყაროში. თავად ვიყავი კომპანიის ფლობელიც, პედაგოგიც, ბუღალტერიც. თავიდან, ძალიან გამიჭირდა, რადგან არ ვიცოდი ბიზნესის მართვა და უამრავი შეცდომაც დავუშვი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები სწორედ ისინი არიან, ვინც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ვერცერთი სემინარი, წიგნი, ვერანაირი განათლება და რჩევა ვერ მოგცემს იმას, რასაც წარმატებული ადამიანი საქმიანობის რთულ გზაზე სწავლობს.

დღეს, ჩემი კომპანია, A-Level educational group“, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგანმანათლებლო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 5 ცენტრს აზერბაიჯანში და ენების დიდ სკოლას თბილისში, სადაც შევასწავლით ინგლისურ და გერმანულ ენებს, მათემატიკას, ვამზადებთ სტუდენტებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ვუნვითარებთ სასწავლო უნარებს და ვასწავლით ყველა საგანს იმ ენაზე, რომელზეც მომავალში უნივერსიტეტში უნდა ისწავლონ. ასევე, ვეხმარებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევაში და ვიზის გაფორმებაშიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი მოსწავლეების გვერდით ვართ.

A-Level educational group-ს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს ომანსა და ამერიკაშიც. დღეს, ჩემს საგანმანათლებლო ბიზნესს 7 000-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი, სკოლა და კოლეჯი ჰყავს ინგლისში, ამერიკაში, ევროპაში, კანადასა და ავსტრალიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ A-Level educational group-ს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია სტუდენტის გაგზავნა.

 


წარმატებულ ადამიანს, ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც უხდება დაუჯერებელი გამბედაობის გამოჩენა. თქვენ თუ გადაგიდგამთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნაბიჯები, რომლებიც გაშინებდათ, გაეჭვებდათ, თუ გადასულხართ საზღვრებს, რომელთა უკან მოტოვებაც გაგიჭირდათ, მაგრამ იძულებული გახდით, გაგერისკათ? მოგვიყევით თქვენი გაბედული ნაბიჯის შესახებ.

ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მომიხდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ბიზნესმენი ხვდება, რომ მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, რომმის პროექტს მოაქვს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ - მორალური კმაყოფილება, როდესაც მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხი იზრდება და როდესაც სახელს გაითქვამ, ბიზნესი იწყებს ზრდას გეომეტრიული პროგრესიით ძალიან სწრაფად. ეს ყველაფერი კი, დიდ ფინანსურ და მორალურ რისკს მოითხოვს. ყოველი ახალი ფილიალისა და ცენტრის გახსნა, გუნდის გაფართოება, ხშირად, დიდ დანაკარგთან და იმედგაცრუებასთან ასოცირდება.  თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც არსებობს იდეა, ხედვა, მისია, სწორად შერჩეული გუნდი, ბიზნესი ყოველთვის წარმატებით ხორციელდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა ბიზნესმა, ჩემი გუნდისა და ჩემი ხედვის დახმარებით, გაუძლო პანდემიის დარტყმას როგორც აზერბაიჯანში, ისევე - საქართველოსა და ამერიკაში. ჩვენ გადავლახეთ დანაკარგის შედეგად შექმნილი დაბრკოლებები, გადავიყვანეთ სტუდენტები ონლაინ-პლათფორმაზე, შევიმუშავეთ უნიკლური ონლაინ-მიდგომა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით და ბიზნესი გადარჩა. იგი განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.

ბიზნესში სიტყვა „გამბედაობა“ ძირეულია. მიმაჩნია, რომ ადამიანი ვერ გახდება წარმატებული გამბედაობის გარეშე, რადგან როდესაც ახალ კომპანიას, ან, თუნდაც, ახალ ფილიალს ხსნი, იგი ან იქნება წარმატებული, ან -არა. არ არსებობს ბიზნესი, სადაც ნაკლები რისკი და მეტი შესაძლებლობაა იმისა, რომ იგი წარმატებული იყოს. შანსები, ნებისმიერ შემთხვევაში, 50/50-ზეა. შესაძლოა, შენმა ბიზნესმა ნახოს მოგება ერთ ლოკაციაზე, ხოლო ამავე კონცეფციით გახსნილმა ფილიალმა სხვა ლოკაციაზე სრული კრახი განიცადოს, რაც დიდ დანაკარგთან ასოცირდება. ასევე, ბევრია დამოკიდებული პარტნიორებზეც. ბიზნესის მართვის პერიოდში უამრავი საიმედო პარტნიორი გავიცანი, თუმცა, შემხვდნენ ისეთებიც, რომელთა დანახვასაც აღარასდროს ვისურვებდი. მათ მე ძალიან კარგ მასწავლებლებს დავარქმევდი ისევე, როგორც ყველა ვარდნას, ყველა უიღბლობას. ყოველი ახალი პარტნიორი, ყოველი ახალი შეთანხმება ახალი რისკია, რაზეც, გაუბედავი ადამიანი, ვერ წავა.ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ „ბრძოლის წაგება ომის წაგებას არ ნიშნავს“ და ყოველი მარცხი ახალი შესაძლებლობაა.

რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას, ძირითადად, წარმატება მოჰქონდა ჩემთვის და დღეს - განსაკუთრებით, რაც, დიდწილად, ჩემი გუნდის დამსახურებაა, რომელიც მოტივირებულია და მუშაობს არა მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, არამედ საკუთარ ცოდნასა და რესურსს მთლიანად საქმეს ახმარს.

 

 

რა როლს ასრულებს ნდობა და პარტნიორობა წარმატებული ბიზნესის შექმნაში?

მხოლოდ საიმედო, ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორს შეუძლია, ბიზნესი ააყვავოს. ვერცერთი წარმატებული ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ პროდუქტი მარტომ შექმნა. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩემ შემთხვევაში, ჩემი პარტნიორები არიან უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლები როგორც ჩვენს რეგიონში, ისე- საზღვარგარეთ. როდესაც ურთიერთობა ურთიერთნდობას ეფუძნება, კომპანიის იდეა და მისია ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და თითოეული პარტნიორი იღწვის იმისკენ, რომ ააყვავოს ბიზნესი. მსგავსი მიდგომის შედეგი კი, ფინანსური სარგებელია.

მიმაჩნია, რომ ბიზნესის წარმატება, პირველ რიგში, გუნდის წევრების სწორ შერჩევაზე, ხოლო შემდეგ, სანდო და ერთ პარტნიორებზეა დამოკიდებული. ეს ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ასევე, აუცილებელია, ბიზნესპარტნიორებს შორის არსებობდეს საერთო ხედვა, რადგან შეუძლებელია, იაროთ გვერდიგვერდ და ამავდროულად, სხვადასხვა გზას დაადგეთ.

სწორედ პარტნიორებთან ერთად ვხსნი ახალ ფილიალებს, მათთან ერთად ვქმნი ახალ ბიზნესებს. მე მყავს ბიზნესპარტნიორი თბილისში, A-Level educational group”-ის აღმასრულებელი დირექტორი, საბინა ალეკპეროვა, რომელთან თანამშრომლობითაც ვამაყობ და რომელიც 100 პროცენტიან ნდობას ეფუძნება და მადლობა მას ამისათვის.

 


მოგვიყევით იმ ადამიანების, ოჯახის წევრების, მეგობრების შესახებ, რომლებიც გვერდში გედგნენ, გეხმარებოდნენ, წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზაზე მარტოს არ გტოვებდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ახლობლების მორალური მხარდაჭერა?

უზომოდ მადლიერი ვარმშობლების, რომელთა მუდმივ მხარდაჭერასაც ვგრძნობდი, როდესაც მიზნისკენ თავდაუზოგავად მივისწრაფოდი. ერთი მხრივ, იყო მორალური მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, როდესაც ჩემი პატარა დაიბადა, დედა და მამა ძალიან მეხმარებოდნენ მის აღზრდაში და სწორედ ეს იყო ის წლები, როდესაც ჩემი ბიზნესი განვითრდა. ასევე, მყავს არაჩვეულებრივი ბიძაშვილი, რომელიც ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი საქმის წარმატებაში. ძალიან გამიმართლა ასევე გუნდის წევრებში, რომლებიც ჩემ გევრდით არიან უკვე 10 წელია და შეუცვლელები გახდნენ ჩემთვის.

ჩვენ გვაქვს ასეთი ერთობა - „A-Level family”, რომლის წევრებიც ერთი დიდი, მეგობრული ოჯახი ვართ. წლების განმავლობაში, ერთმანეთის ნდობის დამსახურებით, არაერთი სირთულე გადავლახეთ, არაერთ მძიმე სიტუაციას დავაღწიეთ თავი. დღეს კი, ამაყად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი გუნდი ჩემი ოჯახია. თუმცა, აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე და მეგობრობა გამიჯნო ერთმანეთისგან. და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს შეძლეს, დღეს დიდ წარმატებას მიაღწიეს. მე მათ მივეცი სრული დამოუკიდებლობა, მიიღონ თვითნებური გადაწყვეტილებები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი მათგანი არ აზარალებს ბიზნესს.

აქვე, აღვნიშნავ, რომ ჩემი გუნდის წევრები, ძირითადად, ქალბატონები არიან, ძალიან განათლებული, ძლიერი, ღირსეული ქალბატონები, რომლებმაც ჩემთან ერთად შექმნეს “A-Level”-ის იმპერია.

 

 


მიგაჩნიათ, რომ წარმატებული ადამიანი ხართ? კმაყოფილი ხართ საკუთარი მიღწევებით, თუ არსებობს რაღაც, რაზეც ოცნებობთ, რისკენაც მიიღწვით?

თავს ბედნიერად ადამიანად ვგრძნობ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მიღწევებით, თუმცა, ჩემი აღქმით, მიღწევების მწვერვალი არ არსებობს. საინტერესო ხასიათი მაქვს: არ ყოფილა მიღწევა, რომლის შედეგად გამოწვეულმა ეიფორიამ დღეზე მეტი გასტანა. მომდევნო დღეს, ერთი სული მაქვს, ახალი მიზნისკენ სვლა დავიწყო. კმაყოფილი ვარ ჩემი მიღწევებით და იმით, რომ ვარ ექსპერტი და პროფესიონალი საკუთარი საქმის, თუმცა, ეს იმის ნახევარიც არ არის, რაზეც ვოცნებობ. წინ დიდი გეგმები მაქვს და ახალი მწვერვალები მელის. წარმატებულად სწორედ ამ მწვერვალებისკენ მიმავალი გზა და წინაღობების გადალახვა მაქცევს. ღრმად მწამს, რომ წარმატებული მხოლოდ ის არის, ვინც მიღწეულს არ ჯერდება და მუდმივად მიიწევს წინ.

 


წარმატებული ქალი ცალკე ფენომენია. ქალებს ხომ სუსტ სქესს უწოდებენ და ბევრისთვის, რთული წარმოსადგენია ქალი მაღალ თანამდებობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს ეს სტერეოპოტიპი? ურჩიეთ ქალბატონებს, სად გამონახონ ძალა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ?

ტყუილია. ქალი არ არის სუსტი სქესი. მეცნიერებიც კი ამტკიცებენ, რომ ქალს შეუძლია ბევრად უფრო დიდ მორალურ და ფიზიკურ ტკივილს გაუძლოს, ვიდრე - მამაკაცს. ქალები მეტად მიზანსწრაფულები ვართ, საშუალება გვაქვს, ვკონცენტრირდეთ ერთდროულად რამდენიმე მოვლენაზე. ბიზნესმენი მამაკაცებიც კი, რომლებიც მრავალმილიონიან კომპანიებს ფლობენ, აღიარებენ, რომ ქალბატონებს თვითშეფასება და მიზანსწრაფულობა, მამაკაცებთან შედარებით, ბევრად განვითარებული აქვთ. სწორედ ამის დამსახურებით, ქალები ახერხებენ, ღირსეულად ზიდონ ოჯახისა და ბიზნესის ტვირთი ერთდროულად.

მსურს, ყველა ქალს ვუთხრა: არ შეჩერდეთ, განაგრძეთ სვლა მიზნისკენ და ნურასდროს მოუსმენთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ თქვენი სქესი წარმატების ხელისშემშლელი ფაქტორია. ჩემ გარშემო უამრავი წარმატებული ქალია, რომელთაც აქვთ კარგი განათლება, მიზნები, იდეები და რაც მთავარია, სურვილი შექმნან, გაიმარჯვონ, შეცვალონ მსოფლიო! ჩვენ გვაქვს მისია, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!


ბევრ ქალბატონს ჰყავს ოჯახი, ბავშვები, მაგრამ არ უქრებათ სურვილი იმისა, რომ მიაღწიონ რაღაც უფრო მეტს, ვიდრე გემრიელი სადილის მომზადებაა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, იყო კარგი მეუღლე, დედა, დიასახლისი და ბიზნესვუმენი ერთდროულად?

თუ ამ საკითხს დისციპლინის თვალსაზრისით მივუდგებით და კარგი ადმინისტრირების უნარებს გამოვიჩენთ, წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში შეიძლება. ბიზნესმენ ქალბატონს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ოჯახში დამხმარე ქალი, დედა, ან თუნდაც დები, რადგან ძალიან რთულია, ერთდროულად კონცენტრირდე ბიზნესზე და სახლის საქმეებზე. იმისათვის, რომ სახლში თბილი კერა შეინარჩუნო,ოჯახმა არ უნდა იფიქროს, რომ მათთვის დრო არ გრჩება. გასაგებია, რომ ქალი არ არის სუპერ-რობოტი, რომელიც შეძლებს, დღეში 10 შეხვედრას დაესწროს და ამავდროულად, დაამზადოს სადილი, ამეცადინოს ბავშვი, დაალაგოს სახლი. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ ქალბატონი წამყვან პოზიციაზეა, მას უნდა ჰყავდეს გუნდი როგორც ბიზნესში, ასევე - ოჯახში. რაც მთავარია, კარიერაში მიღწეულმა წარმატებამ არ უნდა დაგვაკარგვინოს ოჯახი, კავშირი შვილებთან. შვილების აღზრდა დიადი მისიაა. ამისათვის, დროის რესურსის სწორად განკარგვაა აუცილებელი.

 


თქვენი რჩევა მათ, ვინც ბიზნესის წამოწყებას, იდეების რეალიზებასა და ოცნებების ხორცშესხმას გეგმავს.როგორ მიაღწიონ მიზანს? არსებობს წარმატების ზოგადი რეცეპტი?

რა თქმა უნდა, ზოგადი რეცეპტი არ არსებობს, რადგან ყოველი ბიზნესი ინდივიდუალურია, მათ შორის, ერთ სფეროში არსბული ორი სხვადასხვა ბიზნესი. თითოეული ბიზნესის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს მისი მმართველის ხედვა, მისია, იდეები, პრიორიტეტები. თუმცა, ყველა ბიზნესისთვის აუცილებელია დისციპლინა და პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა, სირთულეების სწორად გადალახვა. ყველაზე მთავარია, ხელმძღვანელსა და დასაქმებულს სწამდეს საკუთარი საქმის, საკუთარი მისიის და ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ მათი ბიზნესი უკეთესს ხდის ჩვენს საზოგადოებას. წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია ხედვაზე და ლიდერის არატრადიციულ აზროვნებაზე, გუნდის დისციპლინასა დარაღა თქმა უნდა, პრიორიტეტების სწორად განსაზღრაზე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ