საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უერთდება, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.
"კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.
უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჩატარდება ონლაინ ლექციები და გაკვეთილები ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, იგივე თემატიკაზე ონლაინ-საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი, თეატრები იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას გამართავენ, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება, ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან სამინისტროს ცნობით, სპეციალურად კამპანიისთვის, სამინისტრომ მოამზადა კულტურულ ღონისძიებათა აფიშა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებათა განრიგი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge