ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში", რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის. ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა.
„ვიცოდით, რომ ზურა ჯაფარიძემ იქირავა და დაპატიჟა ადამიანები. ეს არის კერძო საკუთრება, რომელშიც შესვლის უფლება პოლიციას არ აქვს. პარადოქსულ ვითარებას ვიღებთ, როდესაც ამხელა სპეცოპერაციაა ფიტნეს კლუბთან“ , - განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა.
"რეფორმერი ფიტნესის" მფლობელის გიორგი ფუტკარაძის თქმით, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ და ფიტნესის დახურვას ცდილობენ. მისივე განცხადებით, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და საქმიანობა გააგრძელეს, რის გამოც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ამ წუთებში დაუმროჩილებლობის გამო, შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ. გიორგი ფუტკარაძის თქმით, 10 000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მისივე განცხადებით, ფიტნეს ცენტრში ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.
ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა.
ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge