„ჯერ არანაირ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ბაიდენი ოფიციალურად არ გამხდარა პრეზიდენტი,“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.
როგორც სოსო ცინცაძე აცხადებს, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიიღება, მომავლის საქმეა.
„სანამ ბაიდენი არ შეუდგება პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას, არ შეხვდება ნატოს ხელმძღვანელობას, არ ჩამოვა ევროპაში, იქამდე ჩვენთვის რაიმე სტატუსზე საუბარი ზედმეტია. ნატო დამოუკიდებლად, ამერიკასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებებს არ ღებულობს. თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არაა.
აქ ერთი მომენტია. ბაიდენმა როგორც განაცხადა, თებერვალში ვადა გასდის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე ხელშეკრულებას, რომელსაც ობამამ და მედვედევმა მოაწერეს ხელი. ბაიდენის მიზანია ამ ხელშეკრულების გაგრძელება. თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელება მოხდა, მოსკოვი თავის პირობას წამოაყენებს. მას სურს, რომ ნატო არ გაფართოვდეს. ბაიდენი რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება. აქ კიდევ არის მერკელის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების პოზიციაც,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით,ნეიტრალური ხელშეკრულებები, ამერიკასთანაც გვაქვს, თუმცა არაფრის მომცემია.
„თანამშრომლობის ქარტია გვაქვს, რომელიც არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს ამერიკას. ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს, იმ ქაღალდის ფასად არ ღირს რაზეც დაწერილია,“- განაცხადა სოსო ცინცაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველომ შესაძლოა, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს.
როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, „ნატო-ს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის შესახებ თანხმობა მიღწეულია“.
„ამას გარდა, ბევრი იმასაც აღიარებს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს და ქვეყანა ახლო პერსპექტივაში უნდა გახდეს ალიანსის 31-ე წევრი“, – წერია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა ხაზგასმით წერს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge