დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა ცვლილებების შეტანას გეგმავს ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გუნდი საიმიგრაციო პოლიტიკაში 30.11.2020 13:50

 

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ჩამონათვალი, თუ რა ცვლილებების შეტანას გეგმავს ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გუნდი საიმიგრაციო პოლიტიკაში. ინიციატივებს შორისაა:

 

DACA-ს პროგრამის აღდგენა, რომელიც იცავს დეპორტაციისგან უსაბუთო მიგრანტებს, ე.წ. მეოცნებეებს, რომლებიც აშშ-ში არასრულწლოვნების ასაკში ჩავიდნენ. აღნიშნული პროგრამა ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 2012 წელს ამოქმედდა.

 

რამდენიმე მუსლიმური ქვენების მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო აკრძალვის გაუქმება.

 

დროებითი დაცვის სტატუსი პროგრამის აღდგენა – გათვალისწინებულია მიგრანტებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ომსა ან სტიქიურ უბედურებებს გაექცნენ. აღნიშნული პროგრამა ეხება ჰაიტის, ჰონდურასს, სალვადორს, ნიკარაგუას, სირიას, იემენს, ნეპალს, სომალის სუდანსა და სამხრეთ სუდანს.

 

„მწვანე ბარათების“ მფლობელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივება.

 

ყოველწლიურად ლტოლვილების მიღების რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტის 125 ათასამდე გაზრდა. ოქტომბერში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2021 წელს ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტს 15 ათასზე აწესებს, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალი ზღვარია.

 

საზღვარზე მშობლებისა და ბავშვების დაცალკევების პრაქტიკის გაუქმება და ბავშვების ოჯახებთან გაერთიანების პრიორიტიზირება;

 

ბაიდენის გუნდი ამ და სხვა ცვლილებებს საიმიგრაციო პოლიტიკაში თეთრ სახლში მისვლიდან უახლოესი 100 დღის ვადაში გეგმავს. ამ პერიოდში კი, განახლებული საიმიგრაციო პოლიტიკის ამოქმედებამდე, დეპორტაციაზე მორატორიუმი გამოცხადდება.

 

საიმიგრაციო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტიკის ცვლილება არ იქნება მარტივი იმის გათვალისწინებით, რომ სენატში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელები რესპუბლიკელები ფლობენ.

 

მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პუბლიკაციაში „ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის საიმიგრაციო გეგმები“ აღნიშნულია, რომ მიგრაციის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას ართულებს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისი, როდესაც ახალი ადმინისტრაციისთვის უმთავრესი საკითხები ჯანდაცვა და ეკონომიკის აღდგენა იქნება.

 

„ამოცანა განუზომლად უფრო რთული იქნება, რადგან კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური ზომები აუცილებლად იქნება პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი, ხოლო სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობა შესაძლოა, ადმინისტრაციის საიმიგრაციო და სხვა დღის წესრიგის შემაფერხებელი იყოს. არჩეული პრეზიდენტი ასევე ეცდება თავისი პარტიის ლიბერალური ფრთის ზეწოლა დააბალანსოს თავის განცხადებულ სურვილთან, იყოს ყველა ამერიკელის ინტერესის გამტარებელი, ამავე დროს, იმის გაცნობიერებით, რომ დონალდ ტრამპის ზოგიერთი რეგულაციის გაუქმებამ შესაძლოა, ცენტრალური ამერიკიდან და სხვა რეგიონიდან მიგრაციის ზრდას შეუწყოს ხელი“, -ნათქვამია მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პუბლიკაციაში.

 

პრეზიდენტის ინაუგურაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვარს გაიმართება.მნ                          

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ