30.11.2020 21:27
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ძველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩარგალშია გადაღებული. ფოტოზე მთავარი პერსონა ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანია, ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ერთად. ნინო კვაჭანტირაძე წერს:
„ამ ფოტოს არსებობა არც კი ვიცოდი, ახლა გადმომიგზავნა ზურა შევარდნაძემ... როგორც გავიხსენე, 1987 ან 88 წელი უნდა იყოს, ეს ის დროა, ჩარგალში ლელა რაზიკაშვილმა რომ აგვიყვანა მე და ქეთი სადღობელაშვილი და მერე სუუულ ავდიოდით, იქ გულქანი გვეგულებოდა... სასწრაფოდ დავუცვლიდით თეთრეულს, გამჭკნარ ხელებს მოვუწესრიგებდი, თმებს ჩამოვუვარცხნიდი, ბევრს არაფერს გვანებებდა..."ფეჩის" ძირში ღამეებს ვათევდით, გულქანი გვებუტბუტებოდა, მამაის ამბებს ყვებოდა, ბავშვობას იხსენებდა და ყოველი წუთი ბედნიერი იყო, ერთხელ სკივრიდან გარმონიც ამოგვაღებინა, მუხლზე დაიდო, მაგრამ ღონე აღარ ეყო...მას მერე ასეთი ბედნიერი დღეები სადღა მექნებოდა, ასე ახლოს სხვა დროს სად ვიქნებოდი - ვაჟა ფშაველას შვილის ხელი ხელში მეჭირა... გამახსენდა, ბოლოს გვთხოვა, კედლებზე იები დაგვეხატა, დავპირდი და ვეღარ მოვასწარი, გაზაფულზე, მარტის თვეში გარდაიცვალა, იები გარეთ ყვაოდნენ...“