დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ხედავთ, რა ატრიალებს დედამიწას? ჰოდა აღარ გავიგონო, ვაიმე, რა გვეშველება და უიმე, რა გვეშველება!“ 01.12.2020 23:26

Zurab Venetski-ის გვერდიდან:
ეს დღეებია რამდენიმე გულისამაჩუყებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა ერთ საცხობში, მეპატრონე ნახა, მისცა 200 ლარი და სთხოვა, 200 პური უფასოდ დაარიგეო. არც სახელი, არც გვარი. აი ეგრე, მივიდა და დატოვა! ამას რომ ვწერდი, ერთმა გოგომ პოლონეთიდან მომწერა. ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედამ, გაჭირვებამ რომ აჰყარა მთელი ოჯახი და ამსიშორე გზას დააყენა. ჰოდა მეც მინდა ასეთივე სიკეთის გაკეთებაო და მთელი დღის პურს დავაფინანსებო. მეორე დღეს იმ უბანში 420 პური დარიგდა უფასოდ. მერე ერთი გოგოს წერილს წავაწყდი, მთელი დღე უფასოდ შევჭრი ბავშვებსო. იმათ, ვისაც გადახდა არ შეუძლიაო. ჰოდა ერთი დღე რომ არ ეყო მაგ საქმეს, მეორე დღეც მიაყოლა და ცოტა ხანში კიდევ გავიმეორებო. ორი - სამი დღის უკან ერთი გოგო წერდა, კოვიდი ახალი გადატანილი მაქვს, ექთანი ვარ და სახლში მყოფ კოვიდიან პაციენტებს გადასხმებს გავუკეთებო, რა თქმა უნდა უფასოდ. ერთს წაუყვანია ეს გოგო მოხუცთა თავშესაფარში სისტემების დასაყენებლად და იქაც, გზაშიც და მერეც, ვინც დაურეკა, ყველას გულდასმით იწერდა და მისვლას შეპირდაო. არადა თვითონ ამ გოგოს რვა! შვილი ჰყოლია. აგერ დღეს კიდევ ბიჭი წერს, ვინც სამსახურებში ვეღარ მიდიხართ და სხვა პრობლემებიც გაქვთ უტრანსპორტობის გამო, ჩემი მანქანით და ბენზინით მოგემსახურებით და ცოტა ფულის მოცემაც შემიძლიაო. იქეთ მოგცემთო, იქეთო. არ მოგერიდოთ, დამირეკეთო და თან ტელეფონს დებს. ხედავთ, რა ატრიალებს დედამიწას? ჰოდა აღარ გავიგონო, ვაიმე რა გვეშველება და უიმე რა გვეშველება!
P.S.იმ ბიჭის გვერდზე შევედი. ხუთი შვილი ჰყავს!
P.S.P.S. ბევრმა იკითხა, გვარ-სახელებიც დაგეწერაო. ეს ყველაფერი დიდ დიღომში ხდება - ჩემს საყვარელ და საამაყო უბანში! პირველი ბიჭის გვარ-სახელი ნამდვილად არავინ ვიცით. მეორე გოგოს ლელა ჰქვია. გვარზე თვითონ მთხოვა, არ დამეწერა. სტილისტის პოსტს ვეღარ მივაგენი. ისე პეტრიწზეა ეგ სალონი, ლიბერთისთან. ექთანი, რვა შვილის დედა, ნათია დეკანოიძეა. მანქანიანი ბიჭი, ხუთი შვილის მამა - გიორგი ხვედელიძე.

 

გუშინ არ ვწერდი, რამდენი გულისამაჩუყებელი ხდება ჩვენს გარშემოო? ახლა მირეკავს რომა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი საცხობის მფლობელი - ახალგაზრდა კაცი მოვიდა, ირაკლით გამეცნოო. მერე სამი პარკი ბავშვის სათამაშოები გადმოიღო მანქანიდან და ასი ლარიც დამიტოვა, ასი უფასო პური დაარიგე დღესო! ჰოდა ჩემო კარგებო, ვინც კითხულობთ და გჭირდებათ პური, დიდ დიღომშია ისევ ეს სასწაული, მიდით პეტრიწის ბერძნული პურის საცხობში და აიღეთ - უფალმა დაგიტოვათ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ