დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თენგიზ ცერცვაძე: ტესტირების რიცხვის გაზრდა შეამცირებს კორონავირუსის გავრცელებას 02.12.2020 19:52

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტირების რიცხვის გაზრდა შეამცირებს კორონავირუსის გავრცელებას.

 

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ტესტირების რიცხვის ზრდა ორ-სამ კვირაში, ან ერთ თვეში საქართველოში ეპიდემიის დინამიკაზე დადებითად აისახება.

 

„ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ტესტირების რიცხვის გაორმაგებაზე. თუ დღემდე 10-12 ათას ადამიანს უტარდებოდა ტესტირება, რაც იყო საშუალო ევროპული მაჩვენებელი, ხვალიდან დაიწყება ტესტირება დაახლოებით 20-24 ათასის რაოდენობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსოფლიო გამოცდილებით წამყვანი ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პანდემიასთან ბრძოლისა და ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა არის ტესტირების გაზრდა. მოკლე დროში მოხდება რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდინფიცირებულების გამოვლენა. ეს საშუალებას მოგვცემს, დროულად გამოვავლინოთ კოვიდინფიცირებულები, მოვახდინოთ მათ იზოლაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვნად დასწევს დაბლა დაავადების გავრცელების რისკებს. დღეს ოთხი ათასი ინფიცირებული რომ ვლინდება, რეალურად ინფიცირებულების რიცხვი გაცილებით მეტია. წარმოიდგინეთ ახლა, გამოვლენილ ოთხი ათასიდან, რჩება გამოუვლენელი 6-8 ათასი და ისინი ავრცელებენ ინფექციას. თუ გაორმაგდება ტესტირება და გამოვლინდება არა ოთხი ათასი, არამედ რვა ათასი, ამით შემცირდება მათი რიცხვი, ვინც არ იცის, რომ აქვს კოვიდინფექცია და შესაბამისად, შემცირდება მათი რიცხვი, ვინც ავრცელებს ინფექციას. ნუ გვეშინია გამოვლენილი მაღალი რიცხვის. დღევანდელ ვითარებაში ეს არ არის საგანგაშო და ნეგატიური სიგნალი. პირიქით, ცუდი ის არის, როდესაც ბევრი ინფიცირებულია და ყველა მათგანს ვერ ვავლენთ. ჩვენ შეგვეძლო წეროს პოზა მიგვეღო, თავი ჩაგვეყო ქვიშაში და გამოგვევლინა კიდევ უფრო მცირე რაოდენობა პაციენტების, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, თუ მოხდება ისე, რომ გამოვლინდება ინფიცირების არა ოთხი, არამედ 5-6-7-8 ათასი, ეს არ იქნება საგანგაშო ნიშანი.

 

„ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ გავზარდეთ გამოვლენის ეფექტურობა. შესაბამისად, მოხდება მათი განცალკევება და დაიწევს ინფექციის გადაცემის რიცხვი, რაც მოკლე ხანში, ორ-სამ კვირაში ან ერთ თვეში უკვე აისახება დადებითად საქართველოში ეპიდემიის ვითარებაზე. ტესტირების რაოდენობის ზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსახორციელებელი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო იმედისმომცემი და ეფექტიანი გზა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ