გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შიმშილით შეიძლება დაიღუპონ, 135 მილიონიდან 270 მილიონამდე გაიზარდა. დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს. 2021 წელი ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კრიზისის წელი შეიძლება გახდეს გაეროს დაარსებიდან“, - განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დევიდ ბიზლიმ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, პრიორიტეტული ყურადღება მიაქციონ შიმშილთან ბრძოლისა და მიგრაციის მიზეზების გამომწვევი საკითხების დაფინანსებას.
„როგორც მსოფლიო ლიდერებს ვეუბნები, მომდევნო წელს ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ. პრიორიტეტული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესტაბილიზაციის, შიმშილისა და მიგრაციის პრობლემებს“, - დასძინა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge