მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც, პოსტპანდემიურ პერიოდს მხატვრულად აღწერს:
"... და იმ დღეს თბილისში მოსაწყენი მიტინგი კი არა, არამედ რიოზე ბევრად მაგარი, გრანდიოზული, მასშტაბური კარნავალი გაიმართება - ისეთი და იმდაგვარი კარნავალი, რომელიც ჯერ არავის, არსად, არასოდეს უნახავს...
მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვა, დიდები და პატარები, შშმ პირებიც, ღრმად მოხუცებიც და სულ პაწიებიც, ჯარისკაცები, ექიმები, მასწავლებლები, სპორტსმენები, თვით ოჯახის ნებიერა ცხოველებიც კი.... ცა კი იქნება ფერადი, ბალახი ზურმუხტისფერი, ასფალტი კრიალა და პრიალა და ჩვენ მასზე ფეხშიშველები ვიცეკვებთ ღამიდან დილამდე.... დაწყვეტილ ნერვებს და უძილო ღამეებს ყველანი ერთ დიდ, ძალიან დიდ გუდურაში მოვუკრავთ თავს და მტკვარს გავატანთ. თვით მტკვარიც კი ყველაზე ბედნიერი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა და სულ ღიღინ- ღიღინით მოიკიდებს იმ მძიმე გუდურას და გააყოლებს ხელს.... და ჩვენ კრიმანჭულურად ვიმღერებ ერთად ''მშვიდობით, კორონა-ბატონო!'' და მოგვიმღერებენ მთები ''როგორც მოსვლით დაგვაღონე, ისე დღეს შენი წასვლით გაგვახარეო!'... და ყველანი ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტებით ერთმანეთს, ისე მაგრად, რომ ... წარმოუდგენლად მაგრად! და კორონა-ბატონი, ძალა გამოცლილი და იმედგაცრუებული სამუდამოდ მიებარება წარსულს.... და შემდეგ, მრავალი წლის შემდეგ მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და მან ოდესღაც რთული გზები იოლად გვიქცია და მერე, მერე... თბილისში იმ დღეს ყველაზე მაგარი, მასშტაბური და ჯერ არნახული კარნავალი გაიმართა - კარნავალი სლოგანით ''გზა მშვიდობისა, კორონ-ბატონო!''.... აწი სადაც შენი თქვა, იქ ჩვენიც დაიკვეხნეო" - წერს ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge