21:39 08.12.2020
საქართველოს ანდრია დადიანის კოლექციაში დაცული მე-16 საუკუნის მხატვრული ტილო დაუბრუნდა
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

ვიცი წარმოუდგენელია, მაგრამ პანდემიის დროს ამ შედევრის შეძენა მოვახერხეთ! საქართველოში ამ ჟანრის ნახატი ერთადერთია, სიძველითა და მხატვრული მნიშვნელობით კი ნამდვილად გამორჩეულია. თქვენს წინაშეა ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთი საუკუეთესო ნიმუში: ჯენტლმენის პორტრეტი; ავტორი: პიტერ იანს პორბუსი ან მისი მიმდევარი. შექმნის დრო: 1523-1584 წლები. ეს არის ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ზეთით მუხის დაფაზეა შესრულებული. ასახავს ჯენტლმენს შავ ევროპულ სამოში თეთრი საყელოთი და წყვილი სამკლაურებით. ნახატი მიეკუთვნება ჟანრს, რომელიც ცნობილია როგორც „memento mori“. შუა საუკუნეებში მიწიერი ცხოვრების გარდამავალი ბუნების ასახვა საკმაოდ ცნობილი პრაქტიკა გახლდათ და მოიხსენიებოდა, როგორც „მემონტო მორი“. აღნიშნული ლათინური ფრაზა ითარგმნება როგორც "გახსოვდეს, რომ ცხოვრება წარმავალია". ეს სტილი დასვლეთევროპული მხატვრობის საწყისი პერიოდის ნამუშევრებში მრავლად გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა შეიძლება შემაძრწუნებლად ჟღერდეს, „მემენტო მორის“ მთავარი აზრი სწორედ წუთისოფლის წარმავალი ბუნების შეხსენებაა, რათა ადამიანებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ სიცოცხლე და მისი ხიბლი. ამიტომ - memento mori -ის ჟანრში შესრულებული ნამუშევრები ოპტიმისტურ ფილოსოფიას და ნაყოფიერი ცხოვრების აუცილებლობას უწევენ პროპაგანდას.
ეს ჟანრი პოპულარობით სარგებლობდა მე -XIV-XVI საუკუნეების მდიდარ ევროპელ კოლექციონერებში. ნახატი ცნობილი ქართველი თავადის ანდრია დადიანის კოლექციაში კიევის სასახლეში ინახებოდა - ანდრია დადიანმა 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევში, თბილისში. ის იყო უმდიდრესი პიროვნება და ჰქონდა ევროპული მხატვრული ნაწარმოებების საუკეთესო კოლექცია (შემორჩენილია ფოტო, სადაც ჩანს ეს ნახატი ანდრია დადიანის კიევის სასახლის ერთ-ერთ კედელზე, რომ ჰკიდია). 1910 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კიევის სასახლიდან მისი ბევრი ნივთი გაიყიდა, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაეტოვებინა აღნიშნულ ნახატს დადიანის კიევის სასახლე. ცნობილი საზოგადო მოღვაწის აკაკი ჭანტურიას მიერ შემონახული ცნობების მიხედვით გრაფ ოლდენბურგის სასახლეში პრინცი ანდრია დადიანი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა, აქედან გამომდინარე აღნიშნული ნივთის დაბრუნება და კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში ექსპონირება (რომელიც განთავსებულია გრაფ ოლდენბურგის ყოფილ სასახლეში) დიდი მნიშვნელობის მოვლენააა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს და პირადად მის რექტორს ბატონ თემურ ქორიძეს, რომლის ქველმოქმედებითა და აქტიური მხარდაჭერით ევროპიდან საქართველოში ამ უნიკალური ნივთის დაბრუნება შესაძლებელი გახდა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge