საქართველოში ქვეყნის სანაპირო დაცვის აღჭურვილობის განახლების მიზნით პროგრამის დიზაინის ვირტუალური განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებთან ერთად გაიმართა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის აღჭურვილობის განახლებაში. ახალ აღჭურვილობას შორის იქნება სანაპირო რადარები, კამერები, დაცული კომუნიკაციის საშუალებები, პროგრამული უზრუნველყოფა და საესპლუატაციო-სარემონტო ტრენინგი.
„ეს საქართველოს დაცვას საშუალებას მისცემს, საფრთხისგან უკეთ დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვარი და აკონტროლოს ტერიტორიული წყლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge