15:14 09.12.2020
საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და სამხედროები რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.

 

ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემის MILES-ის შესაძლებლობები, დღეს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გააცნო.


ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბება JTEC-ის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიღებული MILES-ის სისტემები ცენტრში ამ კუთხით არსებული აღჭურვილობის დამატებითი გამაძლიერებელი კომპონენტია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს სრულად დაკომპლექტება.  აღჭურვილობა ინტეგრირებულ საწვრთნელ გარემოში სხვადასხვა სისტემების დაკავშირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემების ურთიერთკავშირით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საწვრთნელ არეალში მყოფი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ერთ მონიტორზე ერთდროულად დანახვა რეალურ დროში.

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge