22:48 17.12.2020
ჩინეთის ხომალდმა მთვარის ქანების ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა

უპილოტო ჩინური კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ქანების ნიმუშები აიღო, დედამიწაზე დაბრუნდა. ეს პირველი მისიაა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, რომელმაც მთვარის ნიმუშები ჩვენს პლანეტაზე კვლავ ჩამოიტანა. ინფორმაციას ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua იუწყება.


ხომალდ Chang’e-5-ის მოდული, რომელშიც ნიმუშები იყო მოთავსებული, ჩინეთის ჩრდილოეთში, შიდა მონღოლეთის პროვინციაში დაეშვა.


ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელმაც ათწლეულების შემდეგ ეს შეძლო. პეკინი კოსმოსურ პროგრამებში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებს.


კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარის ჩინური ქალღმერთის სახელს ატარებს, მთვარეზე 1 დეკემბერს დაჯდა, ქანების ნიმუშები შეაგროვა და ორი დღის შემდეგ კი უკან, დედამიწისკენ გამოეშურა. წამოსვლამდე, მთვარის ზედაპირზე ჩინეთის დროშაც აღმართა.


მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ნიმუშებით კიდევ უფრო მეტს შეიტყობენ მთვარის წარმოშობის, ფორმირებისა და მის ზედაპირზე ვულკანური აქტივობის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ მთვარის ქანების ნიმუშები დედამიწაზე ბოლოს საბჭოთა კავშირის მისია „ლუნა 24-მა“ ჩამოიტანა 1976 წელს.


ჩინეთის ხომალდმა 2 კილოგრამამდე მთვარის ქანი ვრცელ, აქამდე შეუსწავლელ ვულკანურ ვაკეზე შეაგროვა.


ჩინეთი იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის უკვე ეყოლება პილოტირებული კოსმოსური სადგური, თანდათანობით კი მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის.




ავტორ(ებ)ი : RUSSIAN.NEWS.CN