კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე , ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე ვდგებით, ეს არის მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომლებზეც, ალბათ, იმდენი არასდროს უსაუბრიათ, რამდენიც წელს. ამაზე პასუხი მარტივია- უხილავ მტერთან ბრლოძისა და სეზონური აცივების პარალელურად, თავს იჩენს დაავადებები, რომლებმაც, შესაძლოა, პანდემიას მეტი გასაქანი, ხოლო სამედიცინო სფეროს ერთით მეტი პრობლემა გაუჩინოს.
ამ თემებზე უფრო ვრცლად რადიო“ჯორჯიან თაიმსს“ იაშვილის სახელობის კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ოჯახის ექიმი- პედიატრი შორენა ქართველიშვილი ესაუბრა:
- ქალბატონო შორენა, პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რასთან არის დაკავშირებული მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებით შემოდომა-ზამთრის სეზონზე ვლინდება ?
წლევანდელი შემოდგომა და ზამთარი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რადგან კორონა ინფექციასთან ერთად გააქტიურდება ისეთი ინფექციები, რომლებიც არსად წასულან და ამ სეზონზეც იჩენენ თავს. მოგეხსენებათ, რომ ცივი სეზონი უკავშირდება გრიპის გავრცელებას. ნოემბერი არის ის თვე, როცა იწყება გრიპის ვირუსის შემოტევა, გრძელდება მარტის თვის ბოლომდე. პიკი დეკემბრის თვეშია. სამწუხარო ფაქტი კი ის არის, რომ დიფერენცირება სიმპტომების მიხედვით წელს გაგვიძნელდება, რადგან გრიპსა და კორონავირუსს თითქმის ერთი და იგივე სიმპტომები ახასიათებს. შესაბამისად, ორმაგი ყურადღბა გვმართებს, როგორც ექიმებს , ასევე მოსახლეობას. ხშირად ისმის კითხვა: რატომ უკავშირდება ზამთრის სეზონი ვირუსული ინფექციების განვითარებას: ზამთრის სეზონზე გარეთ გასვლის ნაკლები შესაძლებლობაა და ადამიანები ძირითადად დახურულ სივრცეში ვართ. შესაბამისად, დახურულ სივრცეში დაავადებების გადადების მეტი შანსია. შესაძლოა, გავცივდეთ და იმუნური სისტება შესუსტდეს, აღნიშნულ პერიოდში ადამიანის ორანიზმს სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები უფრო მარტივად ერევა.
-საინტერესოა, რა სიმპტომები ახასიათებს ზოგადად რესპირატორულ დაავადებებს. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მაღალი ტემპერატურაა
დიახ, მაგალითად: გრიპის შემთხვევაში გვაქვს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი. თითქოს აღნიშნული სიმპტომები განასხვავებს კორონავირუსის ინფექციისგან გრიპის ვირუსს. კორონავირუსი შეიძლება ითქვას, რომ უფრო ვერაგულად გვეპარება. გრიპის ვირუსი თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად გამოხატული სიმპტომებით იჩენს თავს. გარდა ამისა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და იშვიათად გულის რევა, ეს არის ის სიმპტომები, რომლებიც რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს. სტატისტიკურად, პირველად ჯანდაცვაში რესპირატორულ ინფექციებზე მომართვიანობის 65% მოდის. ხოლო, სეზონურად 90% მდე იზრდება.
-თუმცა, აღნიშნული სიმპტომები ძალიან ჰგავს კორონავირუსის სიმპტომებს, საინტერესოა, ტესტის გაკეთებამდე როგორ შეიძლება განვასხვავოთ რესპირატორული დაავადებები და კორონავისური ერთმანეთისგან?
კლინიცისტებისთვისაც კი, საკმაოდ რთული გასარჩევია. შესაბამისად, პაციენტი ვერ ამოიცნობს მას კორონავირუსი აქვს თუ გრიპი. თუმცა, გამოცდილი ექიმებისთვის კორონავირუსმა რაღაც განსხვავებები უკვე წარმოაჩინა. მაგალითად: გრიპს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა არ ახასიათებს. პირობითად, თუ პაციენტს ოთხი დღის წინ დაბალი ტემპერატურა (37,6 ან 38-მდე) ჰქონდა და მომდევნო დღეს დაეწყო ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, უკვე ექიმები ვფიქრობთ კორონავირუსზე და არა გრიპის ვირუსზე. თუმცა, კორონავირუსსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილიც, ბავშვებში, ზოგ შემთხვევაში, იწვევს გულის რევასაც, მუცლის ტკივილს. კორონავირუსის მქონე პაციენტები ხშირად წელის არეში ტკივილზეც საუბრობენ. კოვიდ19-ის სივერაგეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რა დროს რა სიმპტომს გამოავლენს ვერ ვიტყვით. ამიტომაც, ერთადერთი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი არის ტესტირება.
საინტერესოა, გრიპისა და კორონავირუსის მიმდინარეობის ხანგრძლივობაც. არის თუ არა მიმდინარეობის პერიოდი განსხვავებული?
გრიპის ვირუსი თოთხმეტ დღემდე მიმდინარეობს, ასევეა დაახლოებით კორონავირუსი. უკვე გამოყოფილია კორონავირუსის განვითარების სამი ფაზა: პირველი ეტაპი დაინფიცირებიდან სამ, ოთხ დღეში იწყება. შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება, თუმცა გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, როგორც უკვე ვთქვით, ახასიათებს შედარებით დაბალი ტემპერატურა (37.5 38-მდე ) 40 გრადუსი სიცხით კორონავირუსი თითქმის არ მიმდინარეობს. პირველ ფაზას ახლავს თან თავისა და სახსრების ტკივილიც. მეოთხე დღიდან ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, საერთო სისუსტე, მოდუნება. ხოლო გამოჯანმრთელება უკვე მესაფე ფაზაში, მე_9 დღიდან იწყება. საერთო ჯამში, კორონავირუსული ინფექცია 14 დღემდე გრძელდება. ძალიან ბევრი პაციენტი გვეკითხება, 14 დღის შემდეგ არის თუ არა გადამდები. მინდა გითხრათ, რომ მეოცე დღემდე PSR ტესტი შეიძლება იყოს დადებითი, თუმცა ამ დროს პაციენტი გადამდები აღარ არის. პაციენტი გადამდებია სიმპტომების დამოვლენიდან 2 დღით ადრე, ასევე, პირველ და მეორე ფაზაში.
-კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებს, როდის ითვლება პაციენტი კონტაქტად?
იმ შემთხვევაში თუ დახურულ სივრცეში გქონდათ 15 წუთზე მეტ ხანს კონტაქტი უნიღბოთ ადამიანთან, არ იყო დაცული ორ მეტრიანი დისტანცია და მას მომდევნო ორ დღეში დაუდასტურდა კორონავირუსი, მასთან ზემოთხსენებულ პირობებში მოსაუბრე ადამიანი არის რისკის ქვეშ და ჩვენ მათ ყოველთვის ვურჩევთ თვითიზოლაციაში გადასვლას.
-რა ხდება უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში? როცა ადამიანს აქვს კორონავირუსი და მიმდინარეობს უსიმპტომოდ ...
დიახ, უსიმპტომო პაციენტები, რა თქმა უნდა, არიან. თუმცა, ისინიც კი, თუ კარგად დააკვირდებიან, მაინც აქვთ მსუბუქი წელის ტკივილი, კისრის არეში დისკომფორტი. ზოგადად, უსიმპტომო ნიშნავს, როცა პაციენტს ტესტი აქვს დადებითი. თუმცა, არ აქვს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომი, ეს ძალიან კარგია, რადგან გამოდის, რომ მისი იმუნური სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა.
-როგორ ვიქცევით, თუ გამოგვივლინდა კორონავირუსის სიმპტომები?
პირველ რიგში, რასაც ყველა კოვიდდადებით პაციენტს ვეუბნებით, არის ის , რომ არ ჩავარდნენ პანიკაში. ამ დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მყოლია პაციენტი, რომელიც მშვიდად შეხვდა ტესტის დადებით პასუხს. მოკლედ, პირველი და მთავარი არის - არ ჩავვარდეთ პანიკაში, მეორე-გადავდივართ თვითიზოლაციაში. მესამე -ვაკეთებთ ჩვენი სიმპტომების მონიტორინგს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერტურას ვიზომავთ დღეში რამდენჯერმე, მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი (სახლში ხშირად გავაღოთ ფანჯარა)და ბევრი ვისეირნოთ ფეხით, რათა თრომბოზების განვითარების რისკი თავიდან ავიცილოთ. ასევე კარგი იქნება, სახლში გვქონდეს პულქსოსიმეტრი, რაც ზომავს ჩვენი ჟანგბადის რაოდენობას, თუ მსგავსი ხელსაწყოს შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს არც ეს არის პრობლება, გავბეროთ დღეში რამდენჯერმე ბუშტი, სუნთქვით ვარჯიშებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხებათ მსუბუქსიმპტომიან პაციენტებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ რისკ ჯუფის პაციენტები (65 წელს ზემოთ და გაქვთ ქრონიკული დაავადებები) აუცილებელია ოჯახის ექიმთან ხშირი კონტაქტი და მუდმივი მეთვალყურეობა.
-როგორ უნდა მიხვდეს კოვიდ პაციენტი, რომ მდგომარეობა ურთულდება ან როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის დამძიმების შემთხვევაში, რა გზებს მიმართავს ოჯახის ექიმი?
თუ პაციენტს აქვს ცხელება და ის არ ემორჩილება მედიკამენტებს და ეს დაუმორჩილებელი პროცესი გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, თუ პაციენტს ნებისმიერი მსუბუქი საქმიანობის შესრულების დროს ეწყება თავბრუსხვევა, ქოშინი, მისთვის უჩვეულოდ არის მოთენთილი და რაც ერთ-ერთი საყურადღებოა, აქვს ხშირი სუნთქვა-ამ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის პარალელურად,აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ზოგიერთი პაციენტი იტყუება გაუარესებული მდგომარეობის შესახებ, რათა მოთავსდეს სტაციონარში, მინდა ვუთხრა პაციენტებს, მერწმუნეთ, მსუბუქი და საშუალო ფორმების მქონე პაციენტები სჯობს იყვნენ სახლში. მთავარია, იყოთ მშვიდად და ყურადღებით. გავაკეთოთ ჩვენი სიმპტომების მონიტორინგი და დამძიმება არ გამოგვეპარება. განსაკუთრებული ყურადღება მონიტორინგისას უნდა გავამახვილოთ კორონავირუსის მიმდინარეობის მეორე ფაზაში, რადგან ამ დროს შედარებით მეტი შანსია პაციენტს გარკვეული გართულებები დაეწყოს. მათ მინდა ვთხოვო, არ მოგერიდოთ ოჯახის ექიმებთან დარეკვა, ისინი იმ წამსვე თუ არა, მალევე აუცილებლად გიპასუხებენ.
-როდის ხდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მოთავსება?
ეს მაშინ ხდება, როცა პირველ რიგში, პაციენტს არ აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, არის მრავალწევრიან ოჯახში, ან არ აქვს ელემენტარული პირობები. ამას გარდა, თუ მისი მდგომარეობა ოჯახის ექიმის მიერ არის საშუალო სიმძიმედ შეფასებული. სახლში მყოფ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ვირუსის უსიმპტომო ან ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა და უნდა ჰქონდეთ თვითიზოლაციის პირობები.
-კორონაპანდემიის პირობებში ერთ-ერთი მთავარი თავის დაცვის მექანიზმი არის პირბადე, თუმცა მის გმოყენებასაც თავისი წესი აქვს , ასევე ხშირად ადამიანები გამოთქვამენ წუხილს, რომ ისინი ვერ სუნთქავენ პირბადეში
ხშირად მეუბნებიან პაციენტები, რომ პირბადეში სუნთქვა ეკვრით და უჭირთ მათი მოხმარება. მერწმუნეთ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, მეკითხებინ იმასაც, რომ პირბადეში ამოსუნთქული ნახშიროჟანგით ხომ მოვიწამლებითო-მინდა თამამად გითხრათ, ამოსუნთქული ნახშიროჟანგის მოლეკულა იმდენად პატარაა, შეუძებელია უკან დაგიბრუნდეთ. ამას გარდა, პაციენტს როცა პირბადე უკეთია თავად იწყებს გახშირებულ სუნთქვას, მსგავსს პაციენტებს ტრენინგივით ვუტარებთ და ვცდილობთ შევაჩვიოთ. საინტერესოა ისიც, როგორ უნდა შევამოწმოთ პირბადის ვარგისიანობა: პირბადის გაკეთების შემდეგ ხელი პირთან მივიტანოთ, პირბადის გარეთ თუ ჩვენს სუნთქვას ვიგრძნობთ, ესე იგი, პირბადე არ ვარგა. ექიმები მთელი დღის განმავლობაში ვატარებთ პირბადეს, მერწმუნეთ, არ იწვევს სუნთქვის უკმარისობას.
რაც შეეხება ბავშვებთან პირბადის ტარებას, ჩვენ 2 წლამდე ბავშვებში პირბადის გამოყენების რეკომენდაციას არ გავცემთ. რადგან მათ ჯერ არ აქვთ ის ცენტრი განვითარებული, რომელიც ნახშიროჟანგის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ, მათთვისაც საჭიროა დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა. დისტანცია და კონტაქტის არ ქონა ადამიანებთან ერთ-ერთი თავის დაცვის საშუალებაა, მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მე ექიმი ვარ, მაგრამ არ ვარ რობოტი, მეც მენატრება დედა, დისშვილები, ზოგჯერ ცრემლებამდეც, მაგრამ ახლა ასეა საჭირო.
-როგორ მიმდინარეობს ბავშვებში კოვიდ ინფექცია? თავდაპირველად, იყო მოსაზრება , რომ ბავშვებს ნაკლებად გადაედებოდათ, თუმცა ეს ვარაუდი არ დამტკიცდა
სიმპტომები, მიმდინარეობის მიხედვით, მოზრდილებსა და ბავშვებში ერთნაირია. საქართველოშიც ბევრი ბავშვი იყო და არის კოვიდინფექციის მქონდე, თუმცა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვირუსი 70% ბავშვებში ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ხოლო 5 %-ს სტაციონარში გადაყვანა სჭირდებათ. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ ბავშვებს აქვთ უმწიფარი იმუნური სისტემა. ამას გარდა, მათ ის რეცეპტორი, რომელზეც კორონავირუსი მაგრდება, არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული, ასევე ბავშვებს სოციუმთან ურთიერთობა ნაკლებად აქვთ და მათი ფილტვები უფრო ჯანმრთელია. მყარი მტკიცებულებები არ არის, თუმცა, ბავშვებს კორონავირუსისგან, შესაძლოა, გეგმიური ვაქცინაციაც იცავდეს.
ბოლოს, მინდა თამამად ვურჩიო ყველა პაციენტს, რომ ავიცრათ გრიპის ვაქცინით, რათა მინიმუმ გრიპისგან ვიყოთ დაცულები, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თუ გვაქვს გაკეთებული გრიპის ვაქცინა, არ გავცივდებით, გავცივდებით, თუმცა არ დაგვემართება ის ვერაგი გრიპი, რომელიც სიკვდილიანობას იწვევს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge