17:03 18.12.2020
კორონავირუსსა და გრიპის დროს ყელ-ყურ ცხვირის ყველა სახის დაავადება საყურადღებოა - ბერდია ბერიძე

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსები გახშირებულია, ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში ექიმთან მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით 2020 წელს განსაკუთრებულად გაზრდილია. ძირითადად ექიმთან კონსულტაციის მიზეზი მკაფიოდ გამოხატული სიმპტომებია, რომელიც კორონავირუსსა და გრიპს ახასიათებს. მათ შორის არის ყელის ტკივილი. ზოგადად, ყელ-ყურ ცხვირის ყველა სახის დაავადება საყურადღებოა და ხშირ შემთხვევაში, ის დიანოსტიკასაც საჭიროებს. საინტერესოა, მკურნალობის გზებიც, რომლებსაც ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემების შემთხვევაში მედიკოსები მიმართავენ.

უფრო ვრცლად,  ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებზე, დიანოსტიკაზე და მკურნალობის გზებზე რადიო „ჯორჯიან თაიმსს“  კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ოტორინოლარინგოლოგი - ექიმი ბერდია ბერიძე ესაუბრა.

 

-ბატონო ბერდია, პირველ რიგში რომ გვითხრათ, რა იწვევს ყელის ტკივილს?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველ რიგში, ყელის ტკივილი გამოწვეულია გასტროენტეროლოგიური პრობლემებით, კერძოდ, არის ასეთი პათოლოგია - რეფლუქსი, რის გამოც  ღამის განმავლობაში ხდება კუჭიდან წვენის ამოფრქვევა, ლორწოვანის გაღიზიანება და შესაბამისად პაციენტები მოდიან ისეთი ჩივილებით, როგორიცაა გაუთავებელი ყელის ყრუ ხასიათის  ტკივილები და დისკომფორტი, რომელსაც არანაირი ანტიბიოტიკოთერაპია და თვითნებური მკურნალობა არ შველის. ამ დროს მთავარია, დაისვას სწორი დიაგნოზი, თუ რის გამო ხდება მსგავსი შემთხვევა და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება სწორი მკურნალობა. მესმის, რომ ბევრი დროულ დიაგნოსტიკას ვერ ახერხებს, რადგან ამისთვის საჭიროა ექიმთან მისვლა და ფინანსები. თუმცა, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ თვითნებური ანტიბიოტიკური მკურნალობის.  საჭირო კვლევების ჩატარებამდე საკმარისია ე.წ. საწუწნი ტაბლეტები, რომლებიც ადგილობრივი გაყუჩებისთვის და მკურნალობისთვის შედეგის მომცემია.

 

ბატონო ბერდია, ჟურნალისტებს, მასწავლებლებს და ზოგადად იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს და ბევრჯერ უწევთ საუბარი, აღენიშნებათ ატროფიული ლარინგიტი. პირველ რიგში, რომ გვითხრათ, რას ნიშნავს აღნიშნული დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ?

 

ატროფიული ლარინგიტი ერთ-ერთი პროფესიული დაავადებაა მათთვის, ვისაც ბევრი საუბარი უწევს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. როცა განსაკუთრებული დატვირთვა პერმამენტულად მოდის ნებისმიერ ორგანოზე, თავს იჩენს ისეთი პრობლემები,  როგორიცაა ატროფიული ლარინგიტი. პირველი, რითაც შეგვიძლია ამას ვუმკურნალოთ არის მცენარეული პრეპარატი „ისლამოსი“ , რომელიც ხავსის ექსტრაქტით არის მიღებული და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ტონზილიტი, როგორ უნდა ვუმკურნალოდ ქრონიკულ ტონზილიტს?

ქრონიკული ტონზილიტი(გლანდების ანთება) საკმაოდ რთული თემაა, ზოგჯერ პაციენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული დაავადების შემთხვევაში აუცილებელია ოპერაცია, რასაც მე და არა მხოლოდ მე, არამედ ევროპის სამედიცინო სკოლები ეწინააღმდეგებიან. გამომდინარე იქედან, რომ ქრონიკული ტონზილიტი არის ორი სახის  - კომპენსირებული და დეკომპენსირებული, აუცილებელია სპეცილისტთან მოხვედრა და გამიჯვნა ამ ორი პათოლოგიის. საქმე როცა კომპენსირებულ ტონზილიტთან გვაქვს, ის მარტივად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ ტონზილოტრენს, რომელიც ასეთ დროს უალტერნატივო პრეპარატია.  რაც შეეხება დეკომპენსირებულ ტონზილიტს (როცა გლანდები თავიანთ ფუნქციას ვეღარ ასრულებენ და ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევენ) მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. დღესდღეობით,  მაქსიმალურად ვცდილობთ გლანდების შენარჩუნებას. თუ ადრე ჩემი კოლეები გლანდების ამოჭრის პროცედურების  სიუხვით თავს იწონებდნენ, ახლა ის სირცხვილადაც კი ითვლება. გლანდები ადგილობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას, შესაბამისად ის ორგანიზმისთვის ჯანმრთელ მდომარეობაში საჭიროა.

 

რამდენად ჰგავს ერთმანეთს ქრონიკული ტონზილიტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა  და ბავშვებში?

დაავადების მიმდინარეობა ბავშვებსა და ზრდასრულებშიც თითქმის ერთნაირად ხასიათდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებში უფრო რთული პროცესია და შესაძლოა, უფრო მყისიერ ჩარევას საჭიროებდეს. დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს ხშირად გვაქვს ანგინა, ანგინა ეს არის გლანდების ქსოვილის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხასიათდება თეთრი ნადებითა და ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციით. ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა შეიმუშავეს ერთვარი ალგორითმი, რის მიხედვითაც უნდა გადავწყვიტოთ რა დროს უნდა ჩავატაროთ გლანდების ოპერაცია. არის სამი ვარიანტი: პირველი - შვიდი ანგინის ეპიზოდი წლის განმავლობაში, მეორე - გასული წლის განმავლობაში ხუთი ანგინის ეპიზოდი და მესამე - სამი ანგინის ეპიზოდი ორი წლის განმავლობაში. თუ ამ კრიტერიუმებში ჯდება პაციენტი, რა თქმა უნდა, ინიშნება ოპერაცია.

 

რაც შეეხება ორსულებს, ორსულობის პერიოდში ყოველთვის საფრთხილოა სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, მათ შემთხვევაში როგორია ყელის ტკივილის მკურნალობის რეკომენდაცია?

ორსულობის დროს, ნებისმიერი მკურნალობა და რაიმე სამედიცინო ჩარევა უნდა იყოს ისე მართული, რომ არც დედას და არც ნაყოფს რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს. ყელის ტკივილის შემთხვევაშიც არსებობს მედიკამენტები, მაგალითად, “ტრახისანი“, რომელიც უსაფრთხოა ორსულებისთვის.

 

საკმაოდ გავრცელებულია დაავადება ადენოიდები, რომელიც ძირითადად ბავშვობის ასაკიდან იჩენს თავს. რა შემთხვევაშია მათი ამოკვეთა საჭირო?

გლანდების მსგავსად ადენოიდებიც ადგილობრივი იმუნიტეტის ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია. ადენოიდური ქსოვილი ბავშვს დაბადებიდან გარდატეხის ასაკამდე აქვს. ზოგ შემთხვევაში ის გაცილებით დიდია და იწვევს ცხირ-ხახის სანათურის ბლოკირებას და სუნთქვის პრობლემებს ქმნის, რა დროსაც ღამის განმავლობაში ბავშვი სუნთქვას აჩერებს. ამ დროს ხდება ორგანიზმის არასაკმარისი ჟანგბადით მომარაგება და მას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები, როგორიცა: ზრდაში ჩამორჩენა, სახის ძვლების დეფორმაცია, ბაღსა თუ სკოლაში  თანაკლასელების ჩამორჩენა. ასეთ დროს აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და დროული ჩარევა.

 

ხდება ისეც , რომ ადენოიდების ამოკვეთის შემთხვევაში ის კვლავ იჩენს თავს და მათ ამოკვეთას  მცირე ასაკში მაინც ერიდებიან

გამომდინარე იქედან, რომ უჟანგბადობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ამ შემთხვევაში ასაკს აღარ ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქირურგიული გზით ამ პრობლემის მოგვარება. გეთანხმებით იმაში, რომ ხელმეორედ თავის გამოჩენის შემთხვევები იყო, თუმცა ძველი მეთოდით  ვერ ხდებოდა ვიზუალური კონტროლის ქვეშ ოპერაციის ჩატარება. ბევრი იყო შემთხვევები, როცა ქსოვილის ნაწილი რჩებოდა ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც დარჩენილი ქსოვილის ნაწილი კვლავ იზრდებოდა და გვქონდა რეციდივის შემთხვევები. მოგეხსენებათ, მედიცინა ვითარდება, დღესდღეობით აღნიშნული ოპერაცია ვიზუალური კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს, რაც გამორიცხავს ადენოიდური ქსოვილის ხელმეორედ გაზრდას.

 

კორონავირუსის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია ყელის ტკივილი, ამ შემთხვევაში მკურნალობის ხერხი რამდენად განსხვავდება გრიპის ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილის მკურნალობის მეთოდებისგან?

კორონავირუსის შემთხვევაში მივმართავთ სიმპტომურ მკურნალობას, რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ არის. ხდება იგივე პრეპარატების გამოყენება, რაც ზემოთ ვახსენეთ, გამოიყენება ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები. მათი მიღების დღიდან ნელ-ნელა ყელის ტკივილი შესუსტდება, თუმცა მას, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, რამდენიმე დღე სჭირდება.

 

კორონავირუსს ყელის ტკივილის გარდა, ახასიათებს გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ სიმპტომებს,რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში თვეობით გრძელდება?

ყელის ტკივილამდე, ალბათ, პირველ სიმპტომად სწორედ გემოსა და ყნოსვის დაკარგვა იჩენს ხოლმე თავს. არსებობს ორი ჰიპოთეზა, პირველი ჰიპოთეზის მიხედვით კორონავირუსი მოქმედებს ყნოსვის  რეცეპტორებზე, რომლებიც განთავსებულია ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში და ხდება მისი დაზიანება, თუმცა რა მექანიზმით ეს ჯერჯერობით არ ვიცით. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, ხდება საყნოსავი ბირთვის დაზიანება, რომელმაც ხანგრძლივი ყნოსვის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. ამ ეტაპზე აღნიშნული სიმპტომების უშუალო მკურნალობის ხერხი არ არის ცნობილი.

 

სმენის დაქვეითებაც საკმაოდ ხშირი შემთხვევა, ხომ არ არის ის რაიმე გარემო პირობებზე დამოკიდებული და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის დაბერებასთან ერთად, დაბერებას განიცდის სმენის ნერვიც. ეს პროცესი კი სვლას 40 წლის ასაკიდან იწყებს. რა თქმა უნდა, არსებობს გარემო პირობები, რომლითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ სმენის დაქვეითებას. პირველი ეს არის ყურსასმენები, მასში ხმამაღლა სიმღერისა თუ საუბრის მოსმენა  პერმამენტულად. სმენის დაქვეითება პროფესიული დაავადებაცაა, უქვეითდებათ მათ, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ხმაურიან, ან ძალიან ხალხმრავალ ადგილას მუშაობა. სადიაგნოსტიკოდ ოქროს სტანდარტად რჩება აუდიომეტრიული კვლევა და სმენის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ვუნიშნავთ მკურნალობას , ვაძლევთ მითითებებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტში გამოხატულია მეორე, მესამე ხარისხის სმენის დაქვეითება ჩვენ მათ სმენის პროთეზირებას ანუ სასმენი აპარატის გამოყენებას  ვურჩევთ, რომელიც აუცილებლად ორმხრივად უნდა დამაგრდეს.

 

თუ არსებობს ბავშვების შემთხვევაში რაიმე პრევენციული ზომები, რაც სამომავლოდ სმენის დაქვეითების შანსს შეამცირებს?

როგორც ბავშვებში , ასევე მოზრდილებსა თუ ზრდასრულ ადამიანებში პრევენციის პირველი საფეხური არის ყურსასმენების დოზირებულად გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყურსასმენებთან ურთიერთობა პროფესიიდან გამომდინარე აუცილებელია, არსებობს დამცავი ყურსასმენები, რომლებიც ხმაურის ტემბრიდან გამომდინარე ახშობს იმ მავნე ზემოქმედების ტონებს, თუმცა არ ბლოკავს სასაუბრო ტემბრს. ესენია პრევენციული ზომები, სხვას განსაკუთრებულს ვერაფერს ვიზამთ.

 

ე.წ.  ხვრინვაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, როგორ ხდება მისი დიანოსტიკა და მკურნალობის გზები როგორია?

ნამდვილად გავრცელებული პრობლემაა, ძირითადად დისკომფორტი ექმნებათ წყვილებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. პირველ რიგში, რაც ხელს უწყობს ხვრინვის გაძლიერებას არის ჭარბი წონა, ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე კილოგრამის დაკლებაც, როცა პაციენტი უკვე შედეგს ატყობს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ადამიანს არ აქვს ჭარბი წონა და აქვს ეს პრობლემა. ამისთვის უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, ზედა სასუნთქი გზების გამოკვლევა, თუ რა დონეზეა პრობლემა. ხვრინვა შეიძლება გამოიწვიოს გამრუდებულმა ძგიდემ, დიდი ზომის გლანდებმა, ენის ძირის ჰიპერტროფიამ, ხორხის პათოლოგიებმა და რბილი სასის მოდუნებამ. ამ მიზეზების დადგენის შემდეგ ხდება ქირურგიული ჩარევა, ძგიდეს გასწორება, ტონზილექტომია და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პრობლემა მარტივად გვარდება.

 

ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც სეზონის გათვალისიწნებით  უწევთ  დახურულ სივრცეში გამათბობლებთან  ყოფნა. როგორ ებრძოლონ ყელის სიმშრალესა და უჰაერობას?

უკვე ოქროს სტანდარტია ტენიანობის კონტროლი იმ სივრცეში, სადაც დიდ დროს ვატარებთ.  ბაზარზე უკვე მრავლადაა ჰაერის დამატენიანებლები, უნდა შეარჩიოთ კვადრატულობის მიხედვით და სასურველია განვათავსოთ საძინებელში. ჩვენს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს სჭირდება სუნთქვა, რათა ავიცილოთ თავიდან  ნებისმიერი ვირუსული ინფექცია და სხვადასხვა გართულება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge