დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

50 მეტრის სიმაღლეზე: როგორ მუშაობენ გირჩის შემგროვებლები საქართველოში 30.12.2020 18:19

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ასახულია თუ როგორ ხდება საქართველოში კავკასიური ნორდმანის ნაძვის გირჩების შეგროვება. „50 მეტრის სიმაღლეზე: როგორ მუშაობენ გირჩის შემგროვებლები საქართველოში“, - ასეთი სათაური აქვს ვიდეო სიუჟეტს.

 

„საქართველოს ტყეებში არის სამუშაო, რომელსაც, თუ მოხერხებული და მარჯვე არ ხარ, ისე ვერ შეასრულებ. და რასაკვირველია, რისკზე წასვლის სურვილიც უნდა გქონდეს, რადგან აქ ადამიანებიც იღუპებიან.

 

ევროპაში ყოველწლიურად გაყიდული 80 მილიონი ნაძვის ხიდან ნახევარი თავისი არსებობის გზას აქ, საქართველოში იწყებს, აქაური ნაძვების კენწეროზე მოკრეფილი გირჩებით.

 

ბერდია კუბლაშვილი დაახლოებით 30 წელიწადია, რაც ამ სეზონურ სამუშაოთი - გირჩების შეგროვებით არის დაკავებული. „ბავშვობაში სულ ხეებზე დავცოცავდი - ვაშლის, მსხლის, ბლის ხეებზე... ახლა ნაძვებზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობით ავდივარ“, - ამბობს ბერდია და ნაძვზე დამცავი ღვედის საშუალებით ადის, რასაც საკმაო მოხერხებულობა, მარჯვე ცოცვა, დრო და მოთმინება სჭირდება.

 

„არავის არ ვურჩევ ხეზე ასვლას, თუ გავარჯიშებული არ არის და შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვს. ზოგს იოლი ჰქონია, მაგრამ ჩემი ნაცნობებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა. ადრე არავინ არ სარგებლობდა დამცავი თოკებითა და ღვედებით. ყველაზე მეტი გირჩი ნაძვის წვერზეა, კენწეროში, იქ მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. სწორედ იქიდან ვარდება ყველაზე მეტი ადამიანი და იღუპებიან“.

 

ზოგიერთები დამცავი ღვედებით მხოლოდ ნაძვზე ასვლისას სარგებლობენ, კენწეროში კი იხსნიან, რათა მეტი თავისუფლება ჰქონდეთ - ისინი იმდენად არიან შეჩვეულები ასეთ სამუშაოს, რომ ნაძვის ერთი წვერიდან მეორეზე გადახტომაც შეუძლიათ. სამწუხაროდ, ამ დროს უბედური შემთხვევებიც ხდება ხოლმე. მაგალითად, თენგიზ დონაძეს ტოტი მოუტყდა, ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა: „ღვთის მადლით, გადავრჩი“, - ამბობს იგი, - მე ვეცდები, რომ ჩემი შვილი არასდროს ნაძვზე გირჩის შესაგროვებლად არ ავუშვა“.

 

ბერდია კუბლაშვილის ბრიგადამ 2020 წლის სეზონზე 8 ტონამდე გირჩი შეაგროვა: „თითო კილოგრამზე 1,5 დოლარი გადაგვიხადეს (დაახლოებით 110 ქართული ლარი). სხვებს შედარებით უფრო ნაკლები. რა თქმა უნდა, მათ მეტის შეგროვებაც შეუძლიათ, მაგრამ ეს დამოკიდებულია გირჩის მომპოვებლის სიმარჯვეზე და სისწრაფეზე.

 

რას ეტყოდა ბერდია იმ ევროპელებს, რომლებმაც საშობაოდ და საახალწლოდ ნაძვის ხე იყიდეს? „ალბათ, ისინი გაიფიქრებენ, რომ მადლობა მათ, ვინც ეს ხე გაზარდაო. მეც ასევე ვიტყვი - ახალ წელს ხომ ყველა სასიამოვნო ჩანაფიქრით და ოპტიმიზმით ხვდება...“.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/media-55465852

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ