დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მაია სანდუ - თუ რუსეთში მიმიწვევენ, წავალ 31.12.2020 15:42

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deustche Welle») სათაურით „თუ რუსეთში მიმიწვევენ, წავალ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ მოლდოვას ახლადარჩეულ პრეზიდენტ მაია სანდუსთან, რომელმაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუმინეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.

 

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებული სახით:

 

- ვლადიმერ პუტინი ბოლო მომენტამდე აჭიანურებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების აღიარებას და მისთვის მილოცვის გაგზავნას, თქვენ კი მან ერთ-ერთმა პირველმა მოგილოცათ... ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი თქვენს მიმართ განსაკუთრებულად არის განწყობილი?

- მოლდოვას რესპუბლიკას რუსეთთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული დღის წესრიგი აქვს, ბევრი საკითხებია, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, ვაჭრობა: ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მთლიანად აღვადგინოთ, გვსურს კარგი პირობები შევუქმნათ იმ ჩვენ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ. უნდა მოვაგვაროთ რუსეთში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების სოცუზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები. და, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია დნესტრისპირეთის პრობლემაც. მე სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტით ვიქნები დაკავებული.

 

- და მაინც - ვლადიმერ პუტინის ჟესტმა თქვენ გაგახარათ თუ პირიქით?

- მე ვფიქრობ, ეს ნორმალურია იმ ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც სურთ, რომ მათ შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობდეს.

 

- თქვენ თვლით, რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი გამოგიწოდათ?

- ვიმედოვნებ, რომ ჩვენ - მოლდოვას და რუსეთს - კარგი ურთიერთობა გვექნება. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთად გადავწყვიტოთ ჩამოთვლილი პრობლემები.

 

- არჩევნების შედგების გამოქვეყნებისთანავე თქვენ მიიღეთ მიწვევა ვიზიტის თაობაზე უკრაინიდან და რუმინეთიდან. რომელია თქვენთვის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე?

- ვერ გეტყვით, რომელია მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი. მე ადრეც განვაცხადე, რომ ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას მეზობლებთან კარგი ურთიერთობების აღდგენა წარმოადგენს. კიშინიოვში 29 დეკემბერს უკვე იმყოფებოდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, იანვარში კი მე კიევში გავემგზავრები და ბატონ ვლადიმერ ზელენსკის შევხვდები. მან თვითონ მიმიწვია მოსალაპარაკებლად...

 

- რუსეთში თუ მიგიწვიეს?

- არა, ჯერ-ჯერობით ასეთი მიწვევა არ მიმიღია.

 

- და თუ იქნება, წახვალთ?

- რა თქმა უნდა, წავალ, თუ მიმიწვევენ.

 

- თქვენ იგრძენით რუსეთის ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიის დროს?

- პრესის მასალებიდან ვიცით, რომ ბატონ იგორ დოდონს რუსეთიდან გამოგზავნილი კონსულტანტები ჰყავდა. ჩვენ გვაინტერესებს, რა თანხა დაიხარჯა ამ კონსულტანტებზე. ვიმედოვნებ, ამას ჩვენი ორგანოები გაარკვევენ, სასამართლოში სარჩელი უკვე წარდგენილია.

 

- არჩევნების შემდეგ თქვენ განაცხადეთ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. რასაკვირველია, ეს იდეა ახალი არ არის, ამის შესახებ თქვენი წინამორბედებიც აცხადებდნენ, მაგრამ მოსკოვმა სწორედ თქვენს ნათქვამზე მოახდინა მკვეთრი რეაგირება და მას „უპასუხისმგებლო განცხადება“ უწოდა. რატომ იყო ასეთი რეაქცია?

- ეს ყოველთვის ასე ხდება: არის მოლდოვას პოზიცია და არის რუსეთის პოზიცია. მე მკითხეს, თქვენი პოზიცია  როგორი არისო და მეც ვუპასუხე. მოსკოვმა თავისი გააჟღერა. ახლა კი უნდა დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

 

- დავუშვათ და დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოები გავიდნენ, ვინ შეცვლის მათ?

- ჯერჯერობით რუსული ძალების გასვლასთან დაკავშირებით მოსკოვსა და კიშინიოვს შორის არანაირი თანხმობა არ არის. ეს პირველი. მეორე - არის იარაღი და საბრძოლო მასალები, რომელიც დნესტრისპირეთშია თავმოყრილი და რომელიც გატანილი უნდა იქნეს. ამის თაობაზე ჩვენ გასულ წელს მოვილაპარაკეთ და დავადგინეთ, რომ იარაღის უტილიზაცია აუცილებელია.

 

- დავუშვათ, დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე მოგვარებულია, მაგრამ როგორი იქნება იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ? გაუქმებთ მათ რუსეთის მოქალაქეობას?

- დნესტრისპირეთის მცხოვრებლები მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. მოლდოვა მათი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, [კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების] პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა. ჩვენ ადამიანთა დაახლოებისათვის უნდა ვიმუშაოთ, რომ საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ და განვახორციელოთ.

 

წყარო: https://p.dw.com/p/3nKdU

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ