დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დავით ნარმანია განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი ტარიფების მატება 31.12.2020 20:53

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს და განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ტარიფების გაზრდა: 
 
პირველ რიგში, მოგილოცავთ 2021 წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელი თითოეული თქვენთაგანისთვის! ჯანმრთელობა, სიხარული, წარმატებები, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! ეს წელი გამოწვევებით სავსე იყო. ბევრი კარგი გაკეთდა, იყო გარკვეული სირთულეებიც. სემეკმა 2020 წელს მნიშვნელოვანი და ძირეული ღონისძიებები განახორციელა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის, მოქალაქეთა უფლებების დაცვისთვის. მათ შორის, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს ჩამოვაწერეთ 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული თანხები. ჩვენი დავალებით, კომპანიებმა სტანდარტების დარღვევის გამო, კომპენსაციების სახით მოქალაქეებზე გასცეს 200 ათას ლარამდე. ავამოქმედეთ *303#-ის მომსახურება, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გავააქტიურეთ სემეკის სოციალური ქსელი, ასევე ქოლ-ცენტრი, რათა ჩვენთან დაკავშირება მარტივად შეძლებოდათ მოქალაქეებს და ასე შემდეგ.
თუმცა, 2020 წელი დავასრულეთ არაპოპულარული თემით - ტარიფებით. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, განვმარტო თუ რატომ გახდა აუცილებელი ტარიფების მატება. გარდაუვალი და ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა. რეალურად, გადავარჩინეთ სისტემა და თითოეული მოქალაქის უფლება უწყვეტად მიიღოს ხარისხიანი ელექტროენერგია თუ სასმელი წყალი. მინდა შეგახსენოთ, რომ კომუნალური კომპანიების, როგორიც არის „თელასი“, „ენერო პრო ჯორჯია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ტარიფი. თუ მათ არ ექნებათ დადგენილი ადეკვატური ტარიფი და ვერ მიიღებენ ხარჯის ადეკვატურ შემოსავალს, ფაქტობრივად, ვეღარ განახორციელებენ ინვესტიციებს, რაც ყოველთვის საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანას არ შეექმნას ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები. ტარიფში არც ერთი ზედმეტი თეთრი არ არის გათვალისწინებული. საჯაროა როგორც სატარიფო მეთოდოლოგია, ასევე კალკულაციის მექანიზმები და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადახედოს, გაეცნოს მათ.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ სემეკის ნებისმიერი გადაწყვეტილება ენერგოსისტემის განვითარებას, საზოგადოებისათვის კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება. ვისურვებდით, რომ ყოველი გადაწყვეტილება მხოლოდ პოზიტივს იწვევდეს მოსახლეობაში, თუმცა ასე არ გამოდის. თუ გვინდა რომ ვიყოთ ენერგო სტაბილური ქვეყანა, ხანდახან არაპოპულარული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებების მიღებაც მოგვიწევს.
კიდევ ერთხელ, მთელი გულითა და სულით, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ