დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ქვეყნები, სადაც 1 იანვარს ახალ წელს არ ზეიმობენ 01.01.2021 14:47

არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელშიც 1 იანვარს ახალ წელს არ ზეიმობენ. აქ განსხვავებული კალენდარი, ან სხვადასხვა რელიგიური კანონი მოქმედებს. რამდენიმე სახელმწიფოში კი 1 იანვარი არაფრით გამორჩეული, რიგითი სამუშაო დღეც კი არის.

 

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში, ისლამური კალენდრის მიხედვით, ახალ წელს, იგივე ბუნიობას, 21 მარტს აღნიშნავენ. ეს დღე, უმეტესად, წმინდა თვის - მუჰარამის პირველი დღეა. წელთაღრიცხვა აქ ისლამის დამაარსებლის, ალაჰის მოციქულის, წინასწარმეტყველის - მუჰამედის მედინაში მისვლის დღიდან ითვლება (ჩვ.წ.აღ-მდე 622 წლის 16 ივლისი). 1 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახალი წლის აღნიშვნა ოფიციალურად იკრძალება. შეზღუდვა უცხოელებსაც ეხება. სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ამ დღეს პატრულირებენ და მკაცრად აკონტროლებენ, რომ მაღაზიებში ახალ წელთან დაკავშირებული ნივთების, საჩუქრებისა და ყვავილების გაყიდვა არ ხდებოდეს.

 

ისრაელი

ისრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა, თუკი ის შაბათს (ებრაელებისთვის წმინდა დღეს) არ ემთხვევა. ებრაელები ახალ წელს შემოდგომაზე ზეიმობენ და მას როშ ჰაშანს უწოდებენ. დღესასწაული ორი დღის განმავლობაში გრძელდება და თავისი ტრადიციებით და რიტუალებით გამოირჩევა. ებრაელების ნაწილი მას ქუჩაში ხვდება, ნაწილი კი - ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში.

 

ირანი

ირანი საკუთარი კალენდრით ცხოვრობს და ახლა აქ 1398 წელია. ასტრონომიული მზის კალენდრის შექმნაში, რომელიც დროდადრო ზუსტდება, დიდი წვლილი ომარ ხაიამს მიუძღვის. ახალ წელს ირანში გაზაფხულის პირველ დღეს აღნიშნავენ, რაც გრიგორიანული კალენდრით 22 მარტს ემთხვევა. მას „ნოვრუზს“ უწოდებენ. ნოვრუზს აღნიშნავენ ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ძველი სპარსული ტრადიციებია შემონახული, თუმცა 1 იანვარს არაოფიციალურად აღნიშნავს ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქეთის, ყირგიზეთის, ალბანეთისა და მაკედონიის მოსახლეობის ნაწილი.

 

ინდოეთი

ინდოეთის სუბკონტინენტზე ახალი წლის დადგომის აღნიშვნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთიანი ეროვნული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი აქ 22 მარტს დგება. მახარაშტრაშის შტატში მას "გუდი პადვას" უწოდებენ, ანდხრა პრადეშში კი "უგადის". კერალას შტატში ახალ წელს 13 აპრილს ზეიმობენ და ის „ვიშუს“ სახელწოდებას ატარებს. ამავე დღეს სიქხები თავიანთ ახალ წელს - ვაისაქხის აღნიშნავენ. სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომაზე "დივაპალის" ზეიმობენ, რაც სწორედ ახალი წლის დადგომას ნიშნავს.

 

ჩინეთი

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში 1 იანვარი ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაულია, აქ 1 იანვარი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ჩინელები ამ დღეს დიდად არ ზეიმობენ. ქვეყანა, რომელიც ხელოვნური ნაძვის ხეების, სანტა კლაუსების, სათამაშოების, შუშხუნების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვა საახალწლო ატრიბუტების მთავარი ექსპორტიორია, ახალ წელს მთვარის კალენდრის მიხედვით ზეიმობს. თარიღი, ძირითადად, 21 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედებში მერყეობს. წელს ახალი წელი ჩინეთში 25 იანვარს დადგება.

 

ვიეტნამი

ვიეტნამში ახალ ხელს „ტეტს“ უწოდებენ. ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაულია, რომელიც იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში აღინიშნება. ძირითადად, ის ჩინურ ახალ წელს ემთხვევა, თუმცა არსებობს მცირე ცდომილებაც. ახალი წელი აქ მთვარის კალენდრის მიხედვით, პირველი თვის პირველ დღეს დგება. სადღესასწაულო ღონისძიებებმა შეიძლება ერთი კვირაც კი გასტანოს.

 

ბანგლადეში

ბანგლადეშში ახალ წელს 14 აპრილს, ბოიშაკის თვის პირველ დღეს ზეიმობენ. მოსახლეობა დილით ადრე დგება, წინასწარ გამზადებულ, საუკეთესო ტანსაცმელს იცვამს და სასეირნოდ მიდის. ბანგლადეშში ალკოჰოლური სასმელი აკრძალულია, ამიტომ აღნიშვნა საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს. ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, ხატავენ, ცეკვავენ, სურათებს იღებენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. მიუხედავად ამისა, 1 იანვარი ოფიციალურ დღესასწაულად და დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

 

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში 1 იანვარი დასვენების დღეა. აქ ნაძვის ხეებსაც რთავენ და სანტა-კლაუსებიც დაიარებიან, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც დასვენების ნანატრ დღეს და არა დღესასწაულს. ამ დღეს, უმეტესად, ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში ატარებენ.

ახალი წელი, რომელსაც სოლალი ეწოდება, კი სამხრეთ კორეაში მთვარის კალენდრის მიხედვით დგება. წელს მას 25 იანვარს აღნიშნავენ. ამ დღეს კორეელთა უმეტესობა მშობლიურ მხარეებში ხვდება, რათა წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ