თურქულ მასმედიაში გავრცელდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის ინტერვიუ, რომელიც მას თბილისში „ანადოლუ“-ს («Anadolu Ajansı») კორესპონდენტმა ჩამოართვა. პუბლიკაცია, რომელშიც ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაა შეჯამებულ-შეფასებული, გამოქვეყნებულია სათაურით „თურქეთმა და საქართველომ 2020 წელს სოლიდარობის კარგი მაგალითი აჩვენეს“.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
თურქეთის ელჩის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რომელმაც მთელ მსოფლიოში კრიზისი გამოიწვია, ანკარამ და თბილისმა მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენეს.
ჰუმანიტარული დახმარება
ელჩის თქმით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ და თურქმა ბიზნესმენებმა ეპიდემიის დროს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს საქართველოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
„თურქეთი და საქართველო ახლოს არიან ერთმანეთთან გეოგრაფიულადაც - ევროპისა და აზიის გზაზე. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და როლი ძალზე ინტენსიური გახდა“, - ამბობს ფატმა ჯერენ იაზგანი ინტერვიუში, - „2020 წლის განმავლობაში თურქეთმა და საქართველომ დაამტკიცეს, რომ ისინი ნამდვილად მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. სწორედ ეს არის ნამდვილი კეთილმეზობლობის გამოვლენა“.
ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა
თურქი დიპლომატის განცხადებით, ანკარა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ნატოს წევრ ერთადერთი ქვეყანას წარმოადგენს.
ფატმა ჯერენ იაზგანმა მაღალ დონეზე შეაფასა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შედეგები, რომელსაც პოზიტიურ გავლენას ახდენს შავი და კასპიის ზღვების არეალში. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს, საქართველო-თურქეთის შეთანხმების ჩარჩოებში, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ანალოგიურ უწყებას სამხედრო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები გადასცა და სხვა სახის დახმარება აღმოუჩინა: „ამასთან დაკავშირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანკარა-თბილისის ურთიერთობა სამხედრო სფეროში და თავდაცვით მრეწველობაში კიდევ უფრო გაღრმავდება“.
ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. „საქართველომ, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებს ესაზღვრება და სადაც სომხებიც ცხოვრობენ და აზერბაიჯანელებიც, გეოპოლიტიკურად სწორი პოზიცია დაიკავა“, - თქვა მან.
ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი
როგორც ელჩმა აღნიშნა, „[საქართველოში] არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ თურქეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობასთან დაკავშირებით. ისინი მტრულად უყურებენ თურქეთს და ისლამურ რელიგიას“. თურქი დიპლომატი შეეხო ყარსის ხელშეკრულებას, რომელსაც 2021 წელს 100 წელი უსრულდება. „სწორედ ის წრეები ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორმხრივ ურთიერთობას და ავრცელებენ ჭორებს და ხმებს, რომ თითქოს თურქეთი პრეტენზიას განაცხადებს საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, აჭარის მიმართ”.
ბრძოლა ანტიისლამურ-ანტითურქული პროპაგანდის წინააღმდეგ
ფატმა ჯერენ იაზგანმა ყურადღება გაამახვილა ფეთულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციაზე (FETÖ), რომელიც ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. „მათი მომხრეების პროპაგანდა ჯერ კიდევ ჩანს სოციალურ ქსელებში - იმდენად არა, როგორც ეს წინა წლებში იყო, მაგრამ მაინც შეინიშნება. განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს“.
დიპლომატმა იმედი გამოხატა, რომ 2021 წელი თურქი და ქართველი ხალხების კიდევ უფრო დაახლოების წელი იქნება: „თურქებმა და ქართველებმა უნდა გააგრძელონ ნაყოფიერი ურთიერთობა და ერთმანეთს უნდა გაუზიარონ მდიდარი ფასეულობები“, - თქვა მან.
ინვესტიციები
ელჩმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მანძილზე გრძელდებოდა თურქული ინვესტიციების გაფართოების ტენდენცია: ისეთმა თურქულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Ajara Textile, Koç Cable და ENKA, საქართველოში ათასობით ადამიანი დაასაქმეს. დიპლომატმა ამ მხრივ აღნიშნა კომპანია ENKA-ს როლი, რომელიც 433 მეგავატი სიმძლავრის მქონე ნამახვანის ჰესის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს.
წყარო: https://www.aa.com.tr/tr/dunya/turkiye-nin-tiflis-buyukelcisi-yazgan-turkiye-ve-gurcistan-2020-de-dayanisma-konusunda-iyi-bir-sinav-verdi/2096082
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი