დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა - ქართველები დონალდ ტრამპს თავიანთ ხმებს აძლევენ 05.01.2021 13:27

 

დასავლურ მასმედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში ამ დღეებში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „მჭირდება 11 780 ხმა, უნდა მოვძებნოთ“, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს (ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირს) საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 11 780 ხმის მოძიება დაავალა.


გერმანულმა გაზეთმა „დი ველტ“-მა («Die Welt») 4 იანვარს გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „გმადლობთ, საქართველო“: ქართველები დონალდ ტრამპს თავიანთ ხმებს აძლევენ“, რომელშიც იუმორისტულ-ირონიული ტონით არის გადმოცემული „მომხდარი ფაქტის“ ნიუანსები და მისი სავარაუდო გაგრძელება. მკითხველისთვის შეთავაზებულია ერთგვარი  სახუმარო სცენარი, რომლშიც საქართველოს და ჯორჯიის შტატის სახელწოდებები ერთმანეთშია არეული. პუბლიკაციის ავტორია კარლ საკ-რისი, რომელიც გაზეთის მიერ გავრცელებული სახუმარო ამბების „უპასუხისმგებლო“ რედაქტორს წარმოადგენს.


გთავაზობთ სტატიის შინაარსს, შემოკლებული სახით:


„დონალდ ტრამპმა საკვირველ წარმატებას მიაღწია: მან მიიღო გამარჯვებისთვის აუცილებელი 11 780 ხმა „დიდებული ჯორჯიის შტატისაგან“ („Great State of Georgia“). როგორც ჩანს, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დახმარება გადაწყვიტა.


იმ ინფორმაციამ, რომ თურმე დონალდ ტრამპს საქართველოს (ჯორჯიის) შინაგან საქმეთა მინისტრისათვის დამატებითი 11 780 ხმის მოპოვება დაუვალებია, საზოგადოების გაკვირვება და გარკვეულწილად, აღშფოთებაც გამოიწვია.


„პრეზიდენტის საუბრის ტონი ადასტურებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი იყო დონალდ ტრამპი დამარცხების შიშის წინაშე“, - წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“, რომელმაც პრეზიდენტისა და მინისტრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ტექსტი გამოაქვეყნა.


მაგრამ ახლა დონალდ ტრამპს შეუძლია ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომელსაც აშშ-ში არავინ ელოდება: საქართველო (ჯორჯია) მას აუცილებელ ხმებს მისცემს და დამატებით რამდენიმე კილოგრამ ხინკალს გაუგზავნის, აგრეთვე სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარი მჭადით დატვირთულ ავტომანქანას. მჭადს საქართველოს დასავლეთ ნაწილში ხშირად პურის ნაცვლად იყენებენ.


დონალდ ტრამპს ჯორჯიაში კარგად იცნობენ


ასეთი სენსაციური გარიგება დონალდ ტრამპის კარგი ეკონომიკური კონტაქტების წყალობით განხორციელდა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს იყო ჩასული ჯორჯიაში და იქ ყოფნისას მსხვილი საინვესტიციო გეგმები გამოაცხადა საკურორტო სფეროში, სოფლის მეურნეობაში და სხვა სფეროებში, აგრეთვე  განიზრახა ორი ცათამბჯენის აშენება თბილისში და ბათუმში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გეგმები ვერ განხორციელდა.


ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქართველოში არ დავიწყებიათ დონალდ ტრამპის - იმ დროს უძრავი ქონების ვაჭრობის სფეროში დაკავებული მაგნატის, მოგვიანებით კი აშშ-ის პრეზიდენტის -  კეთილშობილი გეგმები. „გმადლობთ, საქართველო!“ - ამ სიტყვებით მიესალმება დონალდ ტრამპი თავის ჯორჯიელ კოლეგას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  აუცილებელი ხმების სწრაფად მოძიებისათვის.


შემაშფოთებელი სიმღერა თეთრი სახლის წინ


„როგორც შევატყე, მან [სალომე ზურაბიშვილმა] თავდაპირველად თავი ცოტა შორს დაიჭირა ჩემი დახმარებისაგან, მაგრამ შემდეგ სწრაფად დათანხმდა“, - ჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი, - დახმარების სანაცვლოდ მან, რუსეთისაგან თავდაცვის მიზნით, რამდენიმე ბირთვული რაკეტის განლაგება მომთხოვა“. დონალდ ტრამპმა კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ „ჯორჯიის დიდებულმა შტატმა“ საბოლოოდ უარი თქვა კომუნიზმზე და საღ აზროვნებას დაუბრუნდა. პრეზიდენტის თქმით, ეს შტატების დემოკრატიული სისტემის ძლიერების დამადასტურებელი ნიშანია.


მაგრამ დონალდ ტრამპს ახლა მხოლოდ ერთი საკითხი აწუხებს: უკვე რამდენიმე საათია, რაც ქართული პოლიფონიური გუნდი 11 780 ხმით ასრულებს სიმღერას „საქართველო ჩემს ფიქრებში“ („Georgia On My Mind“).  „არ ვიცი, მათ რა უნდათ. ასეთი ხმაურით ისინი ვერაფერს მიიღებენ“, - ამბობს გაღიზიანებული დონალდ ტრამპი“.


წყარო: https://www.welt.de/satire/article223703848/Thanks-Georgia-Georgien-liefert-Donald-Trump-11-780-Stimmen.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ