დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

2020 წლის შედეგები: რა კრიზისები გადაიტანეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა 05.01.2021 13:38

რუსული გაზეთი „იზვესტია“ («Известия») აქვეყნებს სტატიას სათაურით „2020 წლის შედეგები: რა კრიზისები გადაიტანეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა“, რომელშიც მიმოხილულია ბელარუსის, ყირგიზეთის, მოლდოვასა და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენები 2020 წლის განმავლობაში (ავტორი - მარია ვასილევა).

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

ბელარუსი: ხალხი „ბაცკას“ წინააღმდეგ

ბელარუსში სიტუაცია შარშან აგვისტოში გამწვავდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მოსახლეობამ არ დაუჯერა ცესკოს განცხადებას, რომ არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ („ბაცკამ“) ხმების დიდი უმეტესობა (80,1%) მიიღო და მან გაიმარჯვაო. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სახელისუფლო ძალოვანმა სტრუქტურებმა ძალის უხეში გამოყენებით ჩაახშეს. ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები დაიჭირეს და ციხეებში ჩასვეს, ზოგიერთმა კი საზღვარგარეთ გაქცევა მოასწრო (მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ). იყო მომენტები, როცა ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება შეირყა და მან დახმარება რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა... ამჟამად ქვეყანაში ვითარება მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა, მაგრამ დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია. მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ სიტუაციას საკონსტიტუციო რეფორმა გამოასწორებს, რომლის მიხედვით პრეზიდენტის ფართო უფლებამოსილება ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებზე გადანაწილდება. ევროკავშირმა კი ბელარუსს სანქციები გამოუცხადა.

 

(...)

საქართველო: ერთპარტიული პარლამენტი

საქართველომ მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი 2019 წელს გადაიტანა, მაგრამ მისმა შედეგები თავი იჩინა 2020 წელშიც. საქმე ეხება შარშან 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. არჩევნებში 48 პარტია და ორი პოლიტიკური ბლოკი მონაწილეობდა. გამარჯვება კვლავ „ქართულმა ოცნებამ მოიპოვა ხმების 48,15%-ით, რაც ოპოზიციურმა ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ არ აღიარა (მიიღო ხმების 27,14%) და განაცხადა, რომ არჩევნები მმართველმა პარტიამ გააყალბა. დაიწყო საპროტესტო აქციები. საინტერესო ისაა, რომ დასავლელმა დამკვირვებლებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს.

 

საპროტესტო აქციების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, დასავლელი დიპლომატების შუამავლობით, მოლაპარაკებები იმართებოდა ოპოზიციური დეპუტატების პარლამენტში შესვლის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ძირითადმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის დეპუტატობის უფლებამოსილება მოიხსნეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული გახდა.

 

„ოპოზიცია ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.  როგორც ჩანს, პარლამენტი სამომავლოდაც ძირითადად ერთპარტიული სახით გააგრძელებს მუშაობას. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას შეეცდება, მაგრამ წარუმატებლად, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მხარს არ უჭერს“, - ამბობს იზვესტიასთან საუბარში პოლიტოლოგი იგორ გვრიტიშვილი. მისი თქმით, 2020 წელმა საქართველოში კორონავირუსის ნიშნით გაიარა, რამაც უმუშევრობის მატება გამოიწვია, მოიმატა ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, შემცირდა ექსპორტი. იმის გამო, რომ საქართველო ეკონომიკურად სხვა სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, საზღვრების დახურვამ ქვეყნის სუსტი ადგილები გააშიშვლა და სიტუაციის გაუარესება გამოიწვია. „ახალ მთავრობას უკვე ოცნებების დრო აღარ ექნება“, - ასკვნის პოლიტოლოგი.

 

წყარო:

https://iz.ru/1100834/mariia-vasileva/s-ng-2020-kakie-krizisy-perezhili-strany-postsovetskogo-prostranstva

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ