დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა - რატომ შეზღუდა თურქეთმა შავ ზღვაში თევზჭერა 11.01.2021 16:45

 

თურქული მასმედიაში ბოლო დღეებში ქვეყნდება სტატიები შავ ზღვაში ტრადიციული თევზის - ქაფშიის (ხამსა) ჭერისა და მის მარაგთან დაკავშირებით. კერძოდ, გაზეთ „დეილი საბაჰ“-ში («Daily Sabah») გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით „რატომ შეზღუდა თურქეთმა შავ ზღვაში თევზჭერა“, რომელშიც ნათქვამია:


„ქაფშია თურქეთში იმ თევზთაგანია, რომელსაც მოსახლეობა ტრადიციულად ფართოდ იყენებს. მას თურქეთის ჩრდილოეთში, შავი ზღვის სანაპიროზე იჭერენ, თევზჭერით უამრავი მეთევზე-მებადურია დაკავებული. თევზჭერა მათი შემოსავლების თუ მთავარი არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობამ ქაფშიის ჭერა 10 დღით აკრძალა, 8 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით. საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ქაფშიის ზომა თანდათან იკლებს: თევზის სიგრძე, 9-10 სანტიმეტრის ნაცვლად, შემცირებულია, შესაბამისად, მოიკლო მისმა წონამაც. თურქეთის მთავრობა იმოწმებს მეცნიერთა კვლევებს და აცხადებს, თევზის ზრდაზე გავლენას ეკოლოგიური და კლიმატური ფაქტორები ახდენს“, - წერს „დეილი საბაჰი“.


თურქ მეთევზეთა დიდი ნაწილი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმება. კორესპონდენტი ესაუბრება რამზან ოზქაის, მეთევზეთა კავშირის ხელმძღვანელს, რომლის თქმით, ქაფშიის პოპულაციის შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. „თუ ჩვენ თევზის მოხმარება და მისი ექსპორტი გვინდა, მას გაფრთხილება და შენაჩუნება ჭირდება“, - ამბობს რამზან ოზქაი.

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთი ქაფშიის ექსპორტს მსოფლიოს 28 ქვეყანაში ახორციელებს, გასულ წელს საფრანგეთში, ბელგიაში და გერმანიაში 9,7 მილიონი დოლარის თევზი იქნა გატანილი.


როგორც სამსუნის პროვინციის მეთევზე-კოოპერატორების კავშირის თავმჯდომარე ატიფ მალკოჩი ამბობს, ქაფშიის ზომა-წონის შემცირება გამოწვეულია შავ ზღვაში იმ პლანქტონის ნაკლებობით, რომლითაც ქაფშია იკვებება. „შავ ზღვაში ქაფშია ბევრია, მაგრამ თევზის ზრდის პროცესი გაჭიანურდა. უკრაინასა და აფხაზეთის ნაპირებთან მხოლოდ 7 სანტიმეტრიანი თევზია. არადა, ყველა ქვეყნისთვის სტანდარტი ერთნაირი უნდა იყოს“, - ამბობს ატიფ მალკოჩი და განმარტავს, რომ პლანქტონის ნაკლებობა გვალვით არის გამოწვეული. ბოლო წლებში შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში პლანქტონი ძალიან შემცირდა, რადგან უკრაინის სამხრეთ ნაწილში - ყირიმში გვალვაა, მდინარეები დაშრა. ზღვის წყლის ტემპერატურა მომატებულია - 7 გრადუსის ნაცვლად 14 გრადუსია, რაც პლანქტონზე ნეგატიურად მოქმედებს.


როგორც ბანდირმის უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორი მუსტაფა სარი ამბობს, თევზჭერის 10 დღით აკრძალვა პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტს: „იმ თევზს, რომელსაც თურქი მებადურები არ დაიჭერენ, საბოლოო ჯამში, ქართველი და აფხაზი მეთევზეების საკუთრება გახდება. ამიტომ, თუ იქაური ხელისუფლებაც, თურქეთის მსგავსად, არ აკრძალავს ქაფშიის ჭერას და მისი მასობრივი ჭერა გაგრძელდება, შავ ზღვაში თევზის მარაგი მაინც შემცირდება“.


წყარო: https://www.dailysabah.com/turkey/fishing-ban-imposed-as-turkeys-national-fish-hamsi-shrinks-in-size/news

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ