დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ლია მუხაშავრია - მნიშვნელოვანია ამნისტია გავრცელებულიყო პოლიტპატიმრებზე, რომელთაც ხელისუფლება არ აღიარებს 12.01.2021 12:39

იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ახალი წლის წინა დღეებში უნდა გამოსულიყო. პატიმრები, რომლებსაც ის შეეხებათ და გათავისუფლდებიან, ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდებოდნენ.

 

როგორც ლია მუხაშავრიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, ეს ხელისუფლების მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა.

 

„ეს ამნისტია პატიმრების საკმაოდ მცირე ჯგუფს შეეხება და არ არის საყოველთაო, ისეთივე ყოვლისმომცველი, როგორი მოლოდინიც არსებობდა პატიმრებში. მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამნისტია გავრცელებულიყო საზოგადოების მიერ აღიარებულ პოლიტპატიმრებზე, რომელთაც ხელისუფლება არ აღიარებს და ამ ფორმით მათი პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხერხდა. ამინისტიის კანონის შესაბამისად, მათი გამოშვება ხელისუფლებისთვის გარკვეული არგუმენტი იქნებოდა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

 

კარგი იქნებოდა უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ამნისტია, რომელიც შეეხებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, თუმცა, განთავისუფლების თვალსაზრისით კი არა, არამედ 1/4- ით ან 1/5 -ით სასჯელის შემსუბუქებით. ეს ძალიან დიდი შეღავათია როგრც პატიმრებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. მე, როგორც უფლებადამცველს კარგად მესმის, ყოველი დღე, რომელიც მოაკლდება პატიმარს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ჰუმანური ჟესტი ხელისუფლების მხრიდან მაშინ, როცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულებას ძალიან დიდი პრობლემები აქვს,“- განაცხადა ლია მუხაშავრიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ