დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გელა ზედელაშვილი - მადლობა ბატონო ბიძინა, თქვენ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით 12.01.2021 14:27

ჟურნალიტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და მას მადლობას უხდის.

 

"მადლობა, ბატონო ბიძინა, თქვენ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით!

 

ნაცებმა, შმაცებმა, გნაცებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ვერ გაიგეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა თუ არა. ვერ გაერკვნენ, საიდან სად უნდა წასულიყო.

 

კიევიდან შთააგონეს, გაიქცაო... უფრო სწორად, აპირებსო, ქონება "ქართუს" გადაუფორმა, მარტო ასაფრენი ბილიკი დაიტოვაო. ესენიც, ეს ავადმყოფებიც თუთიყუშებივით იმეორებენ, გაპარვას აპირებსო, ასაფრენი ბილიკი ამიტომაც დაიტოვაო.

 

მიხას ჟურნალისტები გონზე აღარ არიან, არც ადრე იყვნენ, მაგრამ ახლა ნამეტნავად დაგაზეს... სიუჟეტს სიუჟეტზე აცხობენ ნოდარას სტილში - უკმეხი გამომეტყველება, ნაჯახისებრი მეტყველება, ფეხები მხრების სიგანეზე, ხელების მოძრაობა და პარჭყვა დანჯღრეული "კუკურუზნიკის" ფრთების მსგავსად, მძიმე მუსიკა რომელიმე უცხოური ფილმიდან... რაც მთავარია, ასო-ბგერა "რ"-ს ამოგდება მეტყველებიდან და "ლ"-თი ჩანაცვლება.

 

შაბათს ნოდარაც გაიჩითება ტელევიზორში, შებინდებისას ავა თავის ქაჯებთან ერთად სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის (ბიზნესცენტრის) მისადგომებთან და იმდენ სისულელეს იტყვის "რ"-ს გარეშე, მთელი ქვეყანა იხარხარებს.

 

ნოდარას გადაცემის სცენარი დაიწერება კიევში და იქნება ასეთი: კადრში წკვარამი ღამეა. ნელ-ნელა იკვეთება ასაფრენი ბილიკი, ირთვება ერთი პროჟექტორი. მძიმე მუსიკის ფონზე ისმის "ვერტალიოტის" შორეული ხმა, რომელიც ახლოვდება. "ვერტალიოტს" ასაფრენი ბილიკი არ სჭირდება, მაგრამ სცენარის ავტორს ასე სურს, სიუჟეტი უფრო დამაჯერებელი იქნებაო. სოლოლაკში "ვერტალიოტი" ჯდება (კადრი ამოღებულია ამერიკული "ბოევიკიდან"), გადმოხტება რემბოს მსგავსი ტიპი, მიიხედ-მოიხედავს, დაუსტვენს, ბუჩქებიდან გამოდის ბიძინა ივანიშვილი, სახე პირბადით აქვს დაფარული, ხელში ჩემოდანი უჭირავს, სადაც მილიარდები დევს. როგორც ნოდარას სანდო წყარომ აცნობა, ჩემოდანში დაახლოებით ორ მილიარდ 'სჩემტაა". ნოდარას წყარო არ ცდება, ის ფეესბეში მუშაობს. სინამდვილეში წყარო ელოია კილაძეა, მაგრამ იყოს ფეესბეს მაღალჩინოსანი, რა უჭირს? კიევიდან შეტყობინება მოვიდა, ამბავი ეგრე უფრო დამაჯერებელი იქნებაო. ბიძინა "ვერტალიოტში" ადის, ასვლაში რემბოსავით ტიპი ეხმარება, ის მიფრინავს. საით? სანდო წყაროს ცნობით, ჭორვილაში გაივლის, ოჯახს დაემშვიდობება და ამ ეტაპზე საფრანგეთის რომელიმე აეროდრომზე დაჯდება.

 

შემდეგ გადაცემაში გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენლები და შეაფასებენ მის წასვლას: ცეტი შალო იტყვის, ეგა, კაცო, ჩვენ უბანში ადრე, ბავშვობაში ნარკოტიკებსა ჰყიდდა, მილიარდები ეგრე დააგროვაო. ბურჯანაანთ ქალი იკივლებს, ეგ კაცი ნორმალური არ არი, თავის ოჯახს 15 წელიწადია ჭორვილაში აცხოვრებს, ამ დროს "გოროდში" ამხელა სასახლე აქვსო. დიადი ხუხა იტყვის... ჰო, ნუ, რავი, კი აიწყო ცხოვრება ბიძინამ კრემლის საათივით, მაგრამ ეგ რა შუაშიაო? ჰოდა, მართლაც, ეგ რა შუაშია? თაკო ჩარკვიანი ჩაიცინებს, ადრე რა იყო, არც მახსოვს, არც მაინტერესებს, ოლიგარქები უნდა წავიდნენო. აჰა, ხომ წავიდა კიდევაც? თუმცა ქართული ჟურნალისტიკის მეტრის, აქუ აქუბარდიას კნეინა ჯანგო წამოიძახებს, რას ამბობ, თაკო, ეგრე წასვლა სად გაგონილა, იიიმეეე, ჯოოო, ეჰეუუუუ! ვინმე დავით ჭიჭინაძე ამოიყიყინებს, ჩვენ ამოვიყვანთ საქართველოს ჭაობიდანო. ეს ტიპი ცოცხალი თავით არ ამბობს, "ჩვენ"-ში ვის გულისხმობს. ნიკოლოზ მაჭუტაძე დაასკვნის, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა შთამბეჭდავია, მაგრამ რეზონი აკლია.

 

სხვებიც გამოვლენ ნოდარას გადაცემაში... ვინმე ჩიხლაძე, ვინმე ბუაძე, ვინმე სიკინჭილაშვილი, ვინმე ქიბროწაშვილი, ვინმე ჩემისაშვილი, ვინმე ტრაწიაური, ვინმე ჩურჩუტაძე და... იცით, რას ვფიქრობ? სწორად მოიქცა ბატონი ბიძინა, რომ ამ ე.წ. პოლიტიკას გაეცალა, მას უფრო დიდი საქმეები აქვს საკეთებელი.

 

აბა, რა უნდა ქნას? იჯდეს და ისმინოს, რას იტყვიან ზემოთ ჩამოთვლილი ე.წ. ოპოზიციონრები? რა აზრი აქვს, ისინი ხომ უკვე ნაგავსაყრელის ბინადრები არიან? ან ჩვენ რატომ უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ? ხალხო, ჩვენც უნდა წავიდეთ იმ პოლიტიკიდან, ძალიან რომ აყროლდა და ყოველდღიურად ტელევიზორებიდან ცხვირში გვტენიან!

წავიდეთ რა... უბრალოდ უარი ვუთხრათ ამ დამპალი თესლიდან აღმოცენებულებს, 30 წელიწადია საქართველოს რომ არ აძლევენ მოსვენებას და მორჩა, ეგ იქნება წასვლა!

აი, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა... გასაგებად გვითხრა, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ეს ქვეყანა მხოლოდ ჩემი არ გახლავთო.

***

მადლობა, ბატონო ბიძინა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი რომ დაარქვით!

მადლობა, საქართველოში ფაშიზმის დამარცხებისთვის!

უამრავი სიკეთისთვის... ყველამ ყველაფერი იცის, ჩამოთვლაც აღარ არის საჭირო!

სამწუხაროდ, მტრები იქნებიან, მოღალატეებიც და გამყიდველებიც, მაგრამ უნდა გავუძლოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

მადლობა თქვენს ოჯახს, გაიხარეთ და გამრავლდით," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ