10:17 13.01.2021
"აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

შეღავათების ვადა, რომელიც "აგარის შაქარს" ხელისუფლებამ წარმოების სტიმულირების მიზნით დაუწესა,  31 დეკემბერს ამოიწურა. ეს დრო ქარხნის სრული დატვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, წარმოება არარენტაბელულია. მათივე განმარტებით, მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ შეღავათები გახანგრძლივდეს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, "აგარის შაქარი" წარმოებას განაახლებს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე.  თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოჯისტიკურ მომსახურებას.  სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

 

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

 

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

 

ცნობისთვის:  საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. შარშან, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი