10:36 13.01.2021
ქართლოს მარჯანიძე - ნიკო კეცხოველი მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორი არ ყოფილა სტუდენტებისთვის

ქართლოს მარჯანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: 

 

"ჩემი ძმის ლექტორს მოუყოლია ადრე თავისი ამბავი, იმან ოჯახში გვიამბო და მეც, როგორც გავიხსენებ ისე მოგითხრობთ...

....ომი სამი წლის დამთავრებული იყო უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, დაუსწრებელზე...მამა ფრონტზე დაიკარგა, უფროსი შვილი ვიყავი და ოჯახის მთელი სიმძიმე მე დამაწვა მხრებზე...

....პირველი ორი კურსი ყოჩაღად დავხურე, მაგრამ მესამე კურსის პირველი სემესტრის სესიებზე ვეღარ ვივარგე, ცალკე სამსახური, ცალკე კიდევ ოჯახი,...ხან რა საქმე გამოჩნდა, ხან რა,...

აბა მოსავლის დაბინავება, აბა ზამთრისთვის შეშა,...იქ ისა - აქ ესა და დამიგვიანდა თბილისში სესიებზე ჩასვლა...

....უნივერსიტეტში რომ მივედი, დეკანატს მივაკითხე, სიები იყო გამოკრული და იქ აღმოვაჩინე, რომ გამოცდებზე გაუსვლელობის გამო გარიცხული ვყოფილვარ უნივერსიტეტიდან...

....გამისკდა გული...

შევვარდი, ვეხვეწე დეკანს, იქნებ როგორმე გადმომიტანონ გამოცდები, მიშველეთ რამე არ დამღუპოთ მეთქი...

რექტორის ბრძანებაა და მე არაფერი შემიძლიაო, დეკანმა....

წამოვედი წელმოწყვეტილი...

....ვფიქრობ რა ვუთხრა სახლში,...

ომისგან გაუბედურებულ ოჯახს, ერთი ჩემი სტუდენტობა უნედლებდა გულსა და ეს ნუგეშიც უნდა მოუკვდეთ მეთქი, იმასღა ვფიქრობდი, თორემ ჩემი თავი სად მახსოვდა...

....ორი დღე მამიდაჩემთან დავრჩი ქალაქში,...სახლისთვის რაღაცეები ვიყიდე, და მესამე დღეს აკიდებულ - დაბარგული მივჩანჩალდი ვაგზალზე,...

....ავედი ბორჯომის მატარებელში, მოვიხსენი საპალნე,

მივეგდე კუთხეში ფანჯარასთან და ვიყურები გარეთ მოკუნტული...

ზამთარია, ცივა...

....ამოდის ხალხი ვაგონში, მაგრამ ვისი და რისი დარდი მაქვს, ვერ ვამჩნევ ვერავის, მხოლოდ გულგახეთქილი და განადგურებული დედაჩემი მიდგას თვალწინ...

....დაიძრა მატარებელი და წავედით ...

არც ხალხის ყაყანი მესმის, არც ბორბლების ხმა, მიჩერებული ვარ ერთ წერტილს ფანჯარაში და ვარ გარინდებული....

მიდის მატარებელი....

- აქეთ მოიხედე ჩვენებურო, ხომ არაფერი გჭირსო, მომესმა...

მივიხედე და რამდენიმე კაცი მომჩერებია, მათ შორის ერთი დიდ პალტოში გამოწყობილი, შლიაპიანი ზდაროვი კაცი ...

- აბა, ჩვენც გვითხარი რა დარდი გჭამს, იქნება გიშველოთ რამეო, მითხრა პალტოიან-ცილინდრიანმა...

ამოვიოხრე, თქვენ რა უნდა მიშველოთ მეთქი და ისევ ფანჯრისკენ მივტრიალდი...

აღარ მომეშვნენ და მოვუყევი ბოლობოლო ყველაფერი როგორც იყო და რა გასაჭირიც მადგა....

ვერ მოგსვლია კარგი საქმეო, მომისამძიმრეს და გაჩუმდნენ...

- მერე, დეკანმა თუ უარი გითხრა დახმარებაზე, რექტორთან მისულიყავი შე კაი კაცო, იქნებ ის დაგხმარებოდაო, მითხრა ცილინდრიანმა....

- აუჰ, ...ვინ რექტორთან, რომელ რექტორთან... ისეთი გულქვა და კაციჭამია გველაშაპი ყოფილა, იმასთან რა მიმიყვანდა მეთქი, ვუთხარი...

გეცადა მაინც, რაღასა ჰკარგავდი და მართლა ხომ არ შეგჭამდაო, მითხრეს დანარჩენებმა....

....ეხლა მომხედე აქეთო, მეუბნება ცილინდრიანი....

- მე ვიცნობ კარგად თქვენ რექტორს, ჩემი კარგი ძმაკაცია და თხოვნაზე უარს არ მეტყვის,...ორშაბათ დილისთვის ჩადი თბილისში, მიდი უნივერსიტეტში და ბოდიალი არ დაიწყო, პირდაპირ რექტორის მისაღებში დამელოდე,...მეც იქ მოვალ და ერთად შევიდეთ იმ შენ გულქვა გველაშაპთან, ვნახოთ იქნება რამე გამოვიდესო....

....როგორ მივედი სახლამდე აღარ მახსოვს...

დედისთვის და და-ძმებისთვის კი არაფერი მითქვამს გარიცხვაზე,... ვუთხარი, რომ ორშაბათს უნდა ისევ წავსულიყავი თბილისში, მაგრამ გაძლება არ გინდოდა ორშაბათამდე?!...

....როგორც იქნა დადგა ორშაბათ დილა...

რაც იყო და როგორც იყო, რექტორის მისაღებში ველოდები გზაში გაცნობილ იმ ჩემს კეთილისმსურველს...

....მოვიდა როგორც იქნა...

შემოვიდა და რომ წამოხტა მდივანი იყო თუ თანაშემწე და გამოეჭიმა, რაღაც ცუდად კი მიყო გულმა რეჩხი, მაგრამ ვიფიქრე, ეტყობა ესეც დიდი კაცია ვინმე და იმიტომ დაფაცურდა მეთქი....

მოგვესალმა და არ მოსულა ჯერ რექტორიო, მკითხა...

არა მეთქი მივუგე...

გვიყურებს ეს მდივანია თუ თანაშემწე დაბნეული და გაკვირვებული...

- შევიდეთ, კაბინეტში დაველოდოთო და კარები რომ შეაღო, შლიაპა საკიდზე შემოდო და პალტოს გახდა დაიწყო, მაშინღა მივხვდი ყველაფერს.....

....რაღაცას მანამდეც კი ვეჭვობდი, მაგრამ ეს ეჭვი რექტორის მისაღებამდე მიდიოდა და იქ ჩერდებოდა,...რექტორის კაბინეტში ვეღარ შედიოდა....

....შევყევი გაოგნებული და შეშინებული კაბინეტში....

დაჯექიო, მითხრა და თვითონაც თავისი სავარძლისკენ გაემართა....

კი არ დავჯექი, დავეცი სკამზე...

....ზის, ღიმილით მიყურებს და მეკითხება,....

- რაო ჩვენებურო, ძალიან ვგავარ კაციჭამია გველეშაპსო?!...

თაგვის სორო მილიონად მიღირდა, სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი, მოვკვდი და გავთავდი ადგილზე....

- რა იყო ბიჭო, ხომ არ შეგრცხვაო?!....

...თავს რას ავწევდი და რას შევხედავდი, იატაკს ვხვრეტდი თვალებით...

- კარგი ბიჭი ჩანხარ და ხელსაც შეგიწყობთ რომ ისწავლო,... მაგრამ, ის კი როგორ დაგემართა, რომ მესამე კურსის სტუდენტი, თუნდაც დაუსწრებლისა, საკუთარი უნივერსიტეტის რექტორს სხვამხრივ თუ არა, სახეზე მაინც ვერა სცნობდიო?!...

- ახლა წადი, დარჩენილი გამოცდები ჩააბარე, სწავლა გააგრძელე და აბა შენ იცი, ვინძლო, რექტორთან არ შემარცხვინო!!!,...

ღიმილით მითხრა და გამომიშვა...

....ის დღე იყო და ის დღე...

ნიკო კეცხოველი გახდა ჩემთვის მარტო რექტორი კი არა, ღმერთიც, ხატიც, საფიცარიც და სალოცავიცო,...

...ასე დაუმთავრებია თავისი ამბავი პატივცემულს....

და მართლაც,...

ნიკო კეცხოველი ხომ მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორი არ ყოფილა სტუდენტებისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის....

რექტორი ბევრი ჰყოლია უნივერსიტეტს,...

მაგრამ ის სულ სხვა იყო...

- რექტორზე ბევრად უფრო მეტი და დიდი!!!..."- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი