სოფელ ბუკნარში სიტუაცია განმუხტულია. მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა. ქობულეთისა და გურიის მუფთი გუბერნატორთან მხარეების შეხვედრას წარმატებულად აფასებს. როგორც ის ამბობს, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სამლოცველო იმ ტერიტორიაზე დარჩება, სადაც ის ამ დრომდე იყო. სოფელში ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ისინი პრობლემის საბოლოო მოგვარებას ითხოვენ. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ.
„ის, რომ სოფელში ცხოვრობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ქრისტიანები, მუსლიმები თუ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები და მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ილოცონ, ამაზე არც ერთი მხარე დაობს და არც - მეორე. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, ვინაიდან ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვართ და ყველა მორწმუნე ადამიანის ვალდებულებაა, პატივი ვცეთ ერთმანეთს. ის, რომ კანონი დავარღვიოთ, ან ვინმე დავაზიანოთ, ან არაკანონიერი გზით რამე ნაგებობა ავაგოთ, რა თქმა უნდა, ამაზე კანონი სრული სიმკაცრით იმოქმედებას“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge