დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ადამ შანთაძე - ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ მლოცველები, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება 13.01.2021 21:27

დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ სოფელ ბუკნარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

 

 

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ სოფელ ბუკნარში მოხდა. ყოვლად მიუღებელია ძალადობა და დაპირისპირება. სხვადასხვა პრობლემების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო გზა არის დიალოგი და მოლაპარაკება. გუშინ, როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, ჩავედი ბუკნარში, გახლდით ადგილზე, იქ გავესაუბრე ჩვენს მლოცველებს. თვითონ მლოცველებიც გამოთქვამენ გულისტკივილს, რომ ასეთი არასასიამოვნო ფაქტების მომსწრე არის სოფელი და გამოთქვამენ მზაობას, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია. ოღონდ მათ ხელი არ შეეშალოთ ლოცვების გაგრძელებაში. ლოცვები რამდენიმე თვეა, ტარდება. ჩვენ დღეს ყველა ერთად უნდა გავისარჯოთ, უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სასულიერო პირებმა, იგივე მასმედიამ, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და ჩვენ ვიყოთ კონსტიტუციით აღიარებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი. მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, დღეს როგორც მაცნობეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იქ მლოცველები, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ისევ ერთად, მეგობრულად გააგრძელებენ ერთ სოფელში ცხოვრებას ერთი ერის წარმომადგენლები. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ ყველანი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობა, ამ შემთხვევაში რელიგიური განსხვავებულობა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული კულტურული სიმდიდრე და ამ მრავალფეროვნებით ვამაყობთ დღეს. უნდა გავუფრთხილდეთ და განვამტკიცოთ მომავალში უფრო და უფრო. იმედია, მოლაპარაკებებისა და იგივე ხელისუფლების ჩართულობით, უმოკლეს ხანში განიმუხტება და ხალხი დაუბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას. ამის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge