მიტროპოლიტი გერასიმე - მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს რელიგიური მსახურება 13.01.2021 22:37

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართავს. წერილი შობის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურის მიერ წირვის ჩატარებას უკავშირდება. როგორც წერილშია აღნიშნული, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება.

 

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო: ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა (https://sputnik-ossetia.ru.2021.01.07). როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის. ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეს (შარაშენიძე) წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
5 მაისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°, მთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლერი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; ზოგან +24°-მდე. მთაში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°, ზოგან +13°-მდე. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. დღისით + 22 ღამით +11 გრადუსი იქნება