დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ჰუმან რაითს ვოჩი“ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზზეც 13.01.2021 22:53

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია 2020 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც. ანგარიშში საუბარია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ავტორთა შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურმა დაძაბულობამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა.

 

„გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისადმი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემთხვევები, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ეკონომიკური გამოწვევები.

„პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16 პროცენტზეზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამ უმძიმესი შედეგების შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ინდივიდებისთვის სოციალური დახმარების პაკეტს, ხოლო ბიზნესისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს სულ ცოტა ექვსი თვის განმავლობაში. ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ჰუმან რაითს ვოჩი“ ეხმაურება ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასა და მათ მიერ ბოიკოტის გამოცხადებასაც. ანგარიში ასევე მოიცავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არჩევნების შეფასებას.

„მართალია, არჩევნებში გამარჯვებით „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის, უარს ამბობდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე. ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება“ საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზეც.

რაც შეეხება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებას, ავტორები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ შემთხვევებთან მიმართებით რჩებოდა, რომლებიც „სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის“ ამოქმედებამდე იყო ჩადენილი.

„2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის შეფასებით, რომელიც საქმის წარმოებას აკვირდებოდა, გამოძიება „ორიენტირებულია მხოლოდ რიგითი პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის დადგენაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია ასევე მედიის თავისუფლებაზე, შრომით უფლებებზე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე, ნარკოპოლიტიკასა და საერთაშორისო აქტორების შეფასების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ